რატომ არის დიდი სივრცე საზოგადოებრივი საპირფარეშოს კარსა და იატაკს შორის
საოფისე შენობებში, სუპერმარკეტებში, მატარებლის სადგურებსა და ბაზრებში საჯარო ტუალეტები უმეტეს ჩვენგანში ნეგატიურ ემოციებს იწვევს. ისინი შეიძლება იდეალურად სუფთა და კომფორტული იყოს, მაგრამ დისკომფორტი მაინც გარდაუვალია. ერთ-ერთი მიზეზი, რატომ არის არასასიამოვნო ასეთი საპირფარეშო – იატაკსა და კარს შორის არსებული „უფსკრულია“. საქართველოში მსგავსი საპირფარეშო ბევრი არ არის, თუმცა მსოფლიოს გარშემო ასეთები ნამდვილად უხვადაა. ბევრს მიაჩნია, რომ ეს სივრცე განზრახ არის დატოვებული, რათა დავინახოთ, კაბინა დაკავებულია თუ არა, მაგრამ ეს მთლად სიმართლე არ არის. ამ გადაწყვეტილების მისაღებად, კიდევ ბევრი მიზეზი არსებობს.
უსაფრთხოება პირველყოვლისა! საზოგადოებრივი ტუალეტის კარის ქვეშ დიდი „უფსკრულის“ მთავარი მიზეზი უსაფრთხოებაა. დიდ სავაჭრო ცენტრებსა და მატარებლის სადგურებში ყოველდღიურად ათასობით ადამიანი სტუმრობს ტუალეტებს. მათ შორის, არიან სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანები ან უბრალოდ, ისინი, ვინც თავს კარგად ვერ გრძნობენ. თუ ადამიანი გონებას დაკარგავს და დაეცემა, მაშინ მისი შემჩნევაც და დახმარების გაწევაც (სხვისი შეძრომა თუ დაშავებულის გამოყვანა) მსგავს საპირფარეშოში გაცილებით მარტივია.
გარდა ამისა, მსგავსი დიზაინის გადაწყვეტის მიზეზი ისიც გახლდათ, უსაფრთხოების თანამშრომლებს ან, უბრალოდ, ყურადღებიან მოქალაქეებს შეემჩნიათ, თუ ვინმე არ იყენებდა საპირფარეშოს დანიშნულების მიხედვით. დაწყებული უბრალო სექსუალური აქტიდან, დამთავრებული დანაშაულით – ვინმეს მოკვლით და ა.შ.
კიდევ ერთი მიზეზი საზოგადოებრივი საპირფარეშოს ხშირი და საფუძვლიანი გაწმენდის საჭიროება. წესების მიხედვით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ტუალეტები ყოველ საათში უნდა გაიწმინდოს. კარის ქვეშ არსებული სივრცე პერსონალს საშუალებას აძლევს, თავისუფლად გააკეთონ თავიანთი საქმე, ზედმეტი გაუგებრობის, უხერხულობის გარეშე. ეს კი მნიშვნელოვნად აჩქარებს პროცესს. თანაც, კარქვეშ არსებული სივრცე სავენტილაციო სისტემას უფრო მეტად ეფექტურს ხდის და ხელს უწყობს ჰაერის მოძრაობას.
თანამედროვე ცხოვრებაში ამ ფაქტორს ერთი პლუსიც აქვს. ადამიანებს უყვართ საპირფარეშოში სმარტფონებით ან წიგნებით შესვლა და იქ დიდხანს დარჩენა. როდესაც იცი, რომ შენი ფეხები, ფაქტობრივად, მუხლებამდე ჩანს, დროს უფრო ეფექტურად იყენებ და დიდხანს აღარ ჩერდები. ეს კი, თავის მხრივ, საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალებას სხვა ადამიანებს ნაკლების ლოდინის ფონზე აძლევს.