ვინ არიან „ჰამასის“ ლიდერები და ვინ დააარსა დაჯგუფება
1987 წლის 14 დეკემბერს, „ჰამასის“ დაარსების დღეს მისმა დამფუძნებელმა, შეიხმა აჰმედ იასინმა განაცხადა:
„ყოველი ებრაელი შეიძლება ჩაითვალოს სამხედროდ და ჩვენი მოვალეობაა მათი მოკვლა.“
„მთელი პალესტინის განთავისუფლება ზღვიდან იორდანიამდე ჩვენი სტრატეგიული მიზანია და არ არსებობს უფრო წმინდა და მნიშვნელოვანი მიზანი“.
„ჰამასის“ იდეოლოგიის მიხედვით, ნებისმიერი სიონისტი მტრად ითვლება. მათ წესდებაში ნათქვამია: „მოდი, ისრაელი ზღვაში გადავაგდოთ“.
ორგანიზაცია „ჰამასის“ პოპულარობა პალესტინელებს შორის ნაწილობრივ განპირობებულია მის მიერ შექმნილი სოციალური მომსახურების სისტემით ავტონომიური პალესტინის ტერიტორიაზე. „ჰამასის“ დანაყოფის ნაწილი ღიად მოქმედებს მეჩეთებისა და სოციალური მომსახურების დაწესებულებებით და იბირებს ახალ წევრებს, აგროვებს მატერიალურ რესურსებს, აორგანიზებს აქციებს და ავრცელებს პროპაგანდისტულ მასალებს.
„ჰამასი“ პალესტინის მკვიდრებს შორის და მის გარეთ აქტიურ იდეოლოგიურ მუშაობას ახორციელებს. მაგალითად, 2006 წლის დასაწყისში გაიხსნა „ჰამასის“ საბავშვო ვებგვერდი, რომლის მეშვეობითაც აღიზრდებოდნენ მოზარდი-შაჰიდები (თვითმკვლელი-ტერორისტები). ვებგვერდი მოიცავდა მოწოდებას: „დადექით შაჰიდის გზაზე“.
ვინ არიან ახლა „ჰამასის“ ლიდერები?
ისმაილ ჰანიე – „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერია. კატარში, ემიგრაციაში მყოფმა გასცა ისრაელზე თავდასხმის ბრძანება. მალევე ის სიტყვით გამოვიდა ტელევიზიაში, სადაც განაცხადა, რომ თავდასხმას მიესალმება.
იაჰია სინვარი – არის „ჰამასის“ ლიდერი ღაზას სექტორში და მისი უსაფრთხოების აპარატის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი.
მოჰამედ დეიფი – ვარაუდობენ, რომ ის არის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მებრძოლების მიერ ისრაელზე თავდასხმის ორგანიზატორი და იდეოლოგიური – ინსპირატორი. ისრაელის დაზვერვა მასზე 1990-იანი წლებიდან „ნადირობს“.