„დაგვიბრუნეთ ახლობლები!“ – ასობით ებრაელი შიშობს, რომ მათი ახლობლები ტყვეობაში არიან
ასობით ებრაელი აგრძელებს საყვარელი ადამიანების ძებნას. ხელისუფლება ადგენს იმ პირთა მეტ-ნაკლებად ზუსტ სიას, ვინც შესაძლოა, მძევლად აიყვანეს პალესტინელებმა შაბათს ისრაელში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ. პალესტინელების მიერ გადაღებულ კადრებში ნანახი ზოგიერთი მათგანი უკვე იდენტიფიცირებულია.
ერთ-ერთ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ებრაელი ქალისა და მისი თანამგზავრის გატაცება. მათი სახელები გაირკვა – ნოე არგამანი და ავინათან ორი. არგამანი მოტოციკლით წაიყვანეს, მამაკაცი დაიჭირეს და აიძულეს, ხელები ზურგს უკან მოექცია.
„მე დავინახე, რომ ნოას შეეშინდა იმ ვიდეოში. ვერ წარმომიდგენია, რა ხდებოდა მასთან, როცა მოტოციკლით იტაცებდნენ, ყვიროდა და პანიკაში იყო”, – განუცხადა ორის ძმამ, მოშემ ისრაელის მე-12 სატელევიზიო არხს.
CNN ციტირებს არგამანის თანამემამულეს, ამირ მადს: „ძალიან ძნელია, უყურო, როგორ ექცევიან შენთვის ასე ახლობელ ადამიანს“.
გოგონამ აღნიშნა, რომ იცნობდა უდაბნოს ფესტივალის კიდევ ხუთ-ექვს მონაწილეს, რომლებიც ვეღარ იპოვეს.
კიდევ ერთ ვიდეოში ქალი უგონოდ იწვა პიკაპის უკანა მხარეს, შეიარაღებული მამაკაცების ფონზე, რომლებიც Allahu Akbar-ს ყვიროდნენ. მისი სახელია შანი ლუკი და ის ისრაელისა და გერმანიის მოქალაქეა. ახლობელმა დაადასტურა, რომ ლუკი ღაზას სექტორის საზღვართან ფესტივალს ესწრებოდა. დანამდვილებით უცნობია, არის თუ არა ის ცოცხალი.
მშობლები ეძებენ ჰერშ გოლდბერგ-პოლინს. მისი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერია ცნობილი. შაბათს, დილის რვა საათზე მისგან მშობლებს ორი შეტყობინება მოუვიდათ: „მიყვარხარ“ და „მაპატიე“. თავიდან ჯონ პოლინს და რეიჩელ გოლდბერგს არ ესმოდათ, რა ხდებოდა. შემდეგ მისი შვილის ერთ-ერთმა მეგობარმა თქვა, რომ ჰერში ფესტივალზე იყო.
Ynet ირწმუნება შემდეგს: „ჰამასის“ წევრები ფოტოგრაფ როი აიდანის სახლში შეიჭრნენ და მის ცოლს, სამდარს ესროდნენ. ამ დროს აიდანს ხელში ეჭირა თავისი სამი წლის ქალიშვილი აბიგაილი და სავარაუდოდ, ის დაიჭრა. არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ბავშვი ღაზაში გადაიყვანეს. გაუჩინარდა აიდანიც. სახლში ფოტოგრაფის კიდევ ორი შვილი იმალებოდა. მოგვიანებით, ისინი გადაარჩინეს.
Ynet ასევე მოგვითხრობს 84 წლის დიცა ჰეიმანის ისტორიას ნირ-ოზის დასახლებიდან. მას შემდეგ, რაც დიცას ქალიშვილმა, დაფნამ შეიტყო, რომ შეიარაღებულმა პალესტინელებმა დასახლებაში შეაღწიეს, ის დედას ტელეფონით ესაუბრა. ეს შაბათს დილის 10 საათამდე მოხდა და დარწმუნდა, რომ დედამისი უსაფრთხო ოთახში იყო წასული.
დილის 10 საათის შემდეგ დიცა ტელეფონს აღარ პასუხობდა. მოგვიანებით, კიდევ ერთი ზარის შემდეგ, ტელეფონი აიღეს. მეორე ბოლოდან ხმამ უპასუხა: „ეს ჰამასია, ეს არის ჰამასი“.
დაფნას დას, რომელმაც მოგვიანებით დარეკა, იგივე უთხრეს. ჰაიმანის ქალიშვილებმა მოგვიანებით გაიგეს, რომ მან დატოვა უსაფრთხო ოთახი ყვირილით: „მიშველეთ!“ ერთ-ერთი მეზობელი იარაღით ცდილობდა მის დახმარებას, მაგრამ ვერ შეძლო. დაფნა ჰიმანი ირწმუნება, რომ ტერორისტებმა მოხუცების მთელი ჯგუფი მძევლად აიყვანა.
ასევე, გაიტაცეს ნიცან ელი აკინის ნათესავები – ნოამი, დიკლა და ელა. ბოლოს ისინი ერთმანეთს დაუკავშირდნენ შაბათს დილის ათის ნახევარზე. შემდეგ ნიცანმა პალესტინელების მიერ გავრცელებული ვიდეო ნახა.
„ისინი არ არიან გვირაბში, რაც კარგია. მათი ტანსაცმელი სისხლით იყო დაფარული, მაგრამ ისინი არ დაშავებულან. ჩვენ ვევედრებით ყველას, ვისაც შეუძლია რაიმე გააკეთოს, დაგვეხმაროს მათ უვნებლად დაბრუნებაში. დაგვიბრუნეთ ახლობლები!“, – ამბობს ნიცანი.