იყო თუ არა „ჰამასის“ თავდასხმა ყველაზე სისხლიანი დღე ებრაელებისთვის ჰოლოკოსტის შემდეგ

როდესაც ისრაელზე შაბათის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა, მთელ მსოფლიოში დაიწყეს ანალოგიების ძებნა ტრაგედიის მასშტაბის ასახსნელად. ამ შეჭრას  „ისრაელის 9/11“ და „ისრაელის პერლ-ჰარბორიც“ კი უწოდეს.

„ჰოლოკოსტიდან მოყოლებული ამდენი ებრაელი არასდროს მოუკლავთ ერთ დღეში. ეს ყველამ უნდა გაიაზროს. მე სიტყვები არ მყოფნის, ჩემი გული გატეხილია და სული მეწვის“, – წერს სოციალურ ქსელში გადაცემა The View-ის პროდიუსერი დენიელ გრინბაუმი.

ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის ყოფილმა პრესმდივანმა სოციალურ ქსელში დაწერა:

„გადამეტებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ 7 ოქტომბერი ყველაზე საშინელი დღე იყო ებრაელების ისტორიაში ჰოლოკოსტის შემდეგ“.

ლაზარ ბერმანი, The Times of Israel-ის დიპლომატიური კორესპონდენტიც იმავეს აცხადებს:

„2023 წლის 7 ოქტომბერს ჰოლოკოსტის დროიდან ყველაზე მეტი ებრაელი იქნა მოკლული“.

ეს მტკიცება მართებულად ჟღერს. 1945 წლიდან ისრაელის და ყველა ებრაელის ისტორიაში ბევრი სისხლიანი დღე იყო, მაგრამ არცერთ მათგანში არ ყოფილა დაღუპულთა ასეთი მაღალი რიცხვი მშვიდობიან მოსახლეობას შორის. ისრაელის ომებში დაღუპულთა საერთო რიცხვი, ცხადია, საერთო ჯამში, უფრო დიდია, მაგრამ არცერთ ქვეყანაში არ მოუკლავთ ამდენი მშვიდობიანი მოსახლე ერთ დღეში.

ყველაზე სისხლისმღვრელი ომი ისრაელისთვის იყო ომი დამოუკიდებლობისთვის, რომლის დროსაც 6000 მოქალაქე დაიღუპა. თუმცა, ხალხის ეს რაოდენობა დაანგარიშებულია 1947 წლის 29 ნოემბრიდან 1949 წლამდე. მაშინაც მსხვერპლის დიდი რაოდენობა იყო ჯარისკაცებს შორის.

შაბათის თავდასხმას ასევე ადარებენ იომ-ქიფურის ომს, კიდევ ერთ კონფლიქტს, რომლის დროსაც ისრაელის ჯარისკაცებს წმინდა დღეს დაესხნენ თავს. „ჰამასის“ თავდასხმა ამ ომის 50 წლისთავის მეორე დღეს მოხდა. 

ებრაელთა ფართომასშტაბიანი მკვლელობები ასევე ხდებოდა ისრაელს გარეთ 1945 წლიდან, თუმცა დაღუპულთა რიცხვი უფრო დაბალი იყო, ვიდრე შაბათის თავდასხმისას. 1946 წელს კიელცეში, პოლონეთში, დაიღუპა, სულ მცირე, 42 ებრაელი. 1994 წელს ბუენოს-აირესში AMIA-ის ებრაული ცენტრის დაბომბვამ, რომელსაც ამერიკის ებრაულმა კომიტეტმა „ყველაზე მომაკვდინებელი ანტისემიტური თავდასხმა ისრაელის ფარგლებს გარეთ ჰოლოკოსტის შემდეგ“ უწოდა,  85 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები