სარაკეტო დარტყმა ხარკოვზე – საბედისწერო პარასკევი უკრაინაში (ფოტო)
ხარკოვზე სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა – ბავშვი და ბებია. დაშავდა 30-მდე ადამიანი, მათ შორის, ერთი ჩვილი.
ქალაქის ცენტრზე იერიში რუსეთმა დღეს დილით მიიტანა. შუადღისთვის ცნობილი იყო 28 დაშავებულის შესახებ. დაღუპულია 10 წლის ბიჭი და მისი 68 წლის ბებია.
დაღუპული ბიჭუნას მამამ, ოლეგ ბიჩკომ Reuters-ს განუცხადა, რომ სახლის ნანგრევებიდან მან 11 თვის ვაჟის და მეუღლის გადარჩენა მოახერხა, ხოლო 10 წლის ტიმოთე დაიღუპა.
ქალაქს დარტყმა „ისკანდერის“ ტიპის ორი რაკეტით მიაყენეს. ერთ-ერთი მათგანი გზის სავალ ნაწილზე მოხვდა და მიმდებარე საცხოვრებელ სახლში ფანჯრები ჩაამსხვრია. მეორე სამსართულიან სახლს მოხვდა.