„ჩვენ აღარ შეგვიძლია აქ ცხოვრება! არ შეგვიძლია გარეთ გასვლა და ხალხის თვალებში ჩახედვა“ – წყვილი, ვის ქორწილშიც 120 ადამიანი დაიღუპა

რამდენიმე დღის წინ ერაყის ჩრდილოეთით, ალ-ჰამდანიას რეგიონში გამართულ ერთ-ერთ ქორწილში საშინელი ტრაგედია დატრიალდა – ახალდაქორწინებულების, რევანისა და ჰანინის ცეკვისას ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომელსაც 120 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და რამდენიმე ასეული ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა იმიტომ მოხდა, რომ ვიღაცამ საბანკეტო დარბაზში ფეიერვერკების გაშვება გადაწყვიტა. ასევე არსებობს ვერსია, რომ ყველაფერი მოკლე ჩართვის ბრალი იყო.

ხანძარი ყველაფერს რამდენიმე წამში მოედო. ბევრმა სტუმარმა უბრალოდ გარეთ ვერ გააღწია და კვამლისგან დაიხრჩო.

„ცეცხლმა გამოიწვია დარბაზის აალებული ნაწილების ჩამონგრევა, რაც იაფიანი სამშენებლო მასალების გამოყენების გამო მოხდა. როგორც წესი, ისინი უბრალოდ დნება ხანძრის გაჩენიდან რამდენიმე წამში“, – აღნიშნა ერაყის სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტმა.

ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატარძალი და საქმროც დაიღუპნენ, მაგრამ როგორც გაირკვა, ეს ასე არ არის – რევანი და ჰანინი ცოცხლები არიან. უბედური შემთხვევის დროს გოგონამ ოჯახის 10 წევრი დაკარგა, მათ შორის, დედა და ძმა. მისი მამა მძიმე მდგომარეობაშია საავადმყოფოში. ახალგაზრდა სასიძოს კი, 15 ნათესავი დაეღუპა.

„ჩვენ აქ ვსხედვართ, მაგრამ შიგნიდან მკვდრები ვართ“, – ამბობს რევანი და აღნიშნავს, რომ მისმა ცოლმა ტრაგედიის შემდეგ საუბარი შეწყვიტა – მან სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო.

რევანი დაწვრილებით იხსენებს ხანძრის პირველ წამებს. მამაკაცის თქმით, ყველაფერი საშინელებათა ფილმის სცენარს ჰგავდა.

„ცეცხლი ჭერზე გაჩნდა. სიცხე ვიგრძენით. ხრაშუნის ხმა რომ გავიგე, ჭერს ავხედე. შემდეგ ჭერმა, რომელიც მთლიანად ნეილონის იყო, დნობა დაიწყო. ეს მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდა“, – გაიხსენა მან.

დარბაზში მხოლოდ ერთი ცეცხლმაქრი იყო, რომელმაც ვერაფერს უშველა. საქმრომ ჯერ საყვარელ ქალს სტაცა ხელი და გარეთ გაიყვანა. პანიკაში სტუმრებმა ფაქტობრივად გადათელეს ერთმანეთი და ჭყლეტაში ჰანინიც მოხვდა – ფეხები დაუზიანდა. ახლა ახალგაზრდები სხვაგან საცხოვრებლად გადასვლაზე ფიქრობენ. ისინი ვერ იქნებიან ისეთ ადგილას, სადაც ყველაფერი მათ მომხდარს ახსენებს.

„ჩვენი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა. ჩვენ არ შეგვიძლია გარეთ გასვლა და ხალხის თვალებში ჩახედვა. ჩვენ აღარ შეგვიძლია აქ ცხოვრება! ყოველ ჯერზე, როცა ვცდილობთ, ცოტა ბედნიერები ვიყოთ, რაღაც ტრაგიკული ხდება და გვანადგურებს. ამიტომ, ჯობია, წავიდეთ“- ამბობს საქმრო და წუხს, რომ იმ საბედისწერო დღეს საყვარელ ადამიანებთან ერთად არ დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები