ასლან ბჟანია: საკავშირო სახელმწიფოში მონაწილეობა აფხაზეთის ინტერესებშია
აფხაზეთი დაინტერესებულია პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციული პროცესებით, – ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, საკავშირო სახელმწიფოში მონაწილეობა რუსეთთან და ბელარუსთან ერთად რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკურ მიზნებს დააკმაყოფილებს.
„მოგეხსენებათ, 1990 წელს აფხაზეთის რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ. მაშინ, სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირის დაშლის აქტიური პროცესი მიმდინარეობდა. 1992 წელს საქართველოს სახელმწიფო საბჭომ ჩაიდინა აგრესიული აქტი აფხაზეთის წინააღმდეგ, დაიწყო აფხაზეთის მოსახლეობის სამამულო ომი, რომლის დროსაც საქართველოსთან ყველა სახელმწიფო და სამართლებრივი ურთიერთობა შეწყდა. ომის შემდეგ აფხაზეთის რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომელმაც დე იურე გააძლიერა არსებული მდგომარეობა – აფხაზეთის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აშენების პროცესი ჩვენთვის იოლი არ იყო, სხვათა შორის, ეს პროცესი ახლაც გრძელდება.
რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ უკვე ბევრი რამ შეიცვალა სახელმწიფო მშენებლობის კუთხით. ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ რუსეთის ხელმძღვანელობის მხარდაჭერისთვის, რომელიც ამ კუთხით გაგვიწიეს. ახლა კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფო მექანიზმი სრულად ფუნქციონირებს. რა თქმა უნდა, პრობლემები არის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პროცესი აშკარაა, წინსვლაა“, – განაცხადა ბჟანიამ.