მაია ფანჯიკიძემ გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
მაია ფანჯიკიძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და მედიასაშუალებების ხელმძღვანელებს უწყების მიერ 2013 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, დოკუმენტში თავმოყრილია “სამინისტროს და საელჩოების დაუღალავი შრომის შედეგები”. მისივე თქმით, 2013 წელი საგარეო პოლიტიკის კუთხით წარმატებული იყო.
“2013 წელი ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული იყო საგარეო პოლიტიკის კუთხით, კერძოდ მოხდა ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება, ნატოსთან კიდევ უფრო დაახლოება, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობების გამტკიცება, აღიარების რიცხვის შემცირება, რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობის გაზრდა, ახალი წარმომადგენლობების გახსნა და ა.შ. ყოველივე ეს მიმართულება იმსახურებდა იმას, რომ სათანადოდ ყოფილიყო წარმოჩენილი. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ არ გამოგვეგონებინა არაფერი ახალი, რადგან დასავლეთის საგარეო სასქმეთა სამინისტროების მიღებული პრაქტიკაა ნაბეჭდი წლიური ანგარიშის წარდგენა და ავირჩიეთ ეს ფორმა. ეს ნაბეჭდი მასალა ასახავს 2013 წელს სამინისტროს და საელჩოების დაუღალავი შრომის შედეგებს – მე ვამაყობ, რომ ესაა სოლიდური ნამუშევარი”, – განუცხადა ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს ანგარიშის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ. მინისტრის განცხადებით, სამინისტროს სურვილია, რომ ამ პრაქტიკის დამკვიდრება ყოველწლიურად მოხდეს.