ტელევიზიით ნაჩვენები შოკისმომგვრელი ამბები ისტორიიდან
ტელევიზია აყალიბებს ჩვენს აღქმას მსოფლიოს შესახებ იმაზე უკეთ, ვიდრე მე-20 საუკუნის ნებისმიერი სხვა გამოგონება. ტელევიზიის, ახლა კი ინტერნეტის წყალობით, მილიონობით ადამიანს სახლიდან შეუძლია დაინახოს, რა ხდება მსოფლიოს მეორე მხარეს. ხანდახან, რასაც ვხედავთ, იმდენად შოკისმომგვრელია, რომ ტელევიზორის გამორთვა გინდა.
გთავაზობთ ტელევიზიით გაშუქებულ რამდენიმე მასშტაბურ მოვლენას, როგორც ახალი, ისე შედარებით ძველი ისტორიიდან.
ო ჯეი სიმფსონის დაკავება
ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი და მსახიობი ო ჯეი სიმფსონი მსოფლიო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა არა იმდენად მისი პროფესიული წარმატებებით, რამდენადაც პოლიციისგან გაქცევის მცდელობით. მას ბრალი ედებოდა ყოფილი მეუღლის, ნიკოლ ბრაუნისა და მეუღლის საყვარლის, რონ გოლდმანის მკვლელობაში. ყველაფერი კიდევ უფრო გართულდა, როცა სიმფსონის წინააღმდეგ მტკიცებულებები იპოვეს და ფეხბურთელმა მანქანით პოლიციელებისგან თავის დაღწევა სცადა.
1995 წელს, მტკიცებულებების მიუხედავად, სიმფსონი გაამართლეს და მან შეძლო სიკვდილით დასჯის თავიდან აცილება. სასამართლომ სიმფსონს 33,5 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა. სამწუხარო გამოცდილების მიუხედავად, სპორტსმენი 2007 წელს სხვა საქმის გამო აღმოჩნდა გისოსებს მიღმა და დღემდე ციხეშია.
ბერლინის კედლის დაცემა
1987 წლის 12 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანმა ბრანდენბურგის კარიბჭესთან წარმოთქვა სიტყვა ბერლინის 750 წლისთავთან დაკავშირებით და მოუწოდა საბჭოთა კავშირის გენერალურ მდივანს, მიხეილ გორბაჩოვს, დაენგრია კედელი.
1989 წლის მაისში, საბჭოთა კავშირში მიმდინარე პერესტროიკის შედეგად გდრ-ის პარტნიორმა, ვარშავის პაქტის წევრმა, უნგრეთმა მეზობელ ავსტრიასთან მოშალა საზღვრის გარკვეული მონაკვეთი. გერმანიის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დაკარგა კონტროლი მიმდინარე მოვლენებზე. ასობით აღმოსავლეთ გერმანელი გაიქცა დასავლეთ ბერლინში უნგრეთის გავლით. 1989 წლის 11 სექტემბერს უნგრეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა საზღვრების სრული გახსნა, რითაც ბერლინის კედლის არსებობამ აზრი დაკარგა. სამი დღის განმავლობაში უნგრეთის გავლით აღმოსავლეთ ბერლინი დატოვა 15 ათასმა მოქალაქემ. ქვეყანაში დაიწყო მასობრივი დემონსტრაციები მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების მოთხოვნით. დემონსტრაციების შედეგად გერმანიის ერთიანი სოციალისტური პარტიის ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით გადადგნენ.
1989 წლის 22 დეკემბერს მიმოსვლისათვის გაიხსნა ბრანდენბურგის კარიბჭე, რომელზეც გადიოდა აღმოსავლეთ და დასავლეთ ბერლინის საზღვარი. ბერლინის კედელი კვლავ იდგა, მაგრამ როგორც სიმბოლო ახლო წარსულისა. იგი დაშალეს, მოხატეს. საბოლოოდ, რამდენიმე თვეში კედელი დაანგრიეს. გადაწყვიტეს მისი მცირე ნაწილი არ დაენგრიათ, როგორც უახლოესი წარსულის სიმბოლო.
ტერორისტული თავდასხმა მიუნხენის ოლიმპიადაზე
1972 წლის 5 სექტემბერს მიუნხენში, ოლიმპიურ თამაშებზე ტერორისტებმა მძევლად აიყვანეს სპორტსმენები ისრაელიდან. ყველა მათგანი წარუმატებელი სამაშველო ოპერაციის შედეგად დაიღუპა. მოვლენები მილიონობით ადამიანის თვალწინ, თითქმის პირდაპირ ეთერში ვითარდებოდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე პალესტინის ტერორისტულმა ორგანიზაციამ, „შავმა სექტემბერმა“ აიღო.
მიუნხენის ოლიმპიადაზე მომხდარმა ტერორისტულმა თავდასხმამ ერთხელ და სამუდამოდ შეცვალა დამოკიდებულება სპორტსმენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. ახლა ორგანიზატორები უზარმაზარ თანხებს გამოყოფენ უსაფრთხოების ზომებისთვის, უსაფრთხოების ათასობით თანამშრომელია ჩართული ობიექტების დაცვაში და გამოიყენება უახლესი აღჭურვილობა, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის სისტემები. მიუნხენში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მთელ მსოფლიოში დაიწყო ტერორიზმთან ბრძოლის სპეციალური დანაყოფების შექმნა.
ტოჰოკუს მიწისძვრა და ცუნამი
ტოჰოკუს მიწისძვრა და ცუნამი — 8,9 – 9,0 მაგნიტუდის მიწისძვრა, რომელიც 2011 წლის 11 მარტის 14:46 საათზე მოხდა.მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა ტოჰოკუს რეგიონში არსებული ოშიკას ნახევრკუნძულიდან 130 კილომეტრში, მისი ჰიპოცენტრი კი, დედამიწის ქერქში 24,4 კილომეტრის სიღრმეზე.
მიწისძვრამ გამოიწვია ცუნამის საშიშროება იაპონიის წყნაროკეანურ სანაპიროზე და სულ მცირე 20 ქვეყანაში, მათ შორის, ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკის წყნაროკეანურ სანაპიროებზე. ცუნამის 10-მეტრიანმა ტალღებმა იაპონიას დაარტყეს. ტალღები ხმელეთზე, 10 კილომეტრის მანძილზე შეიჭრა.
იაპონიის პოლიციის ეროვნულმა სააგენტომ ოფიციალურად დაადასტურა 14 063 ადამიანის გარდაცვალება, 4916 ადამიანის დაშავება და 14 175 ადამიანის უგზოუკვლოდ გაქრობა იაპონიის 16 პრეფექტურაში, თუმცა გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი გაცილებით დიდია.
მიწისძვრის მაგნიტუდისა და შემდგომი მოვლენების გამო, 2011 წლის მიწისძვრა ითვლება უძლიერესად იაპონიის ისტორიაში და შედის მსოფლიოს ხუთი უძლიერესი მიწისძვრის სიაში.
„ჩელენჯერი“
„ჩელენჯერი“ ნასა-ს მრავალჯერადი სატრანსპორტო კოსმოსური შატლია. თავდაპირველად მას მხოლოდ საცდელად იყენებდნენ, თუმცა შემდეგში ის კოსმოსური ფრენებისთვის აღჭურვეს. პირველი გაფრენა ჩელენჯერმა 1983 წლის 4 აპრილს განახორციელა.
„ჩელენჯერმა“ სულ ცხრა წარმატებული ფრენა განახორციელა. 1986 წლის 28 იანვარს, მეათე გაფრენისას, აფრენიდან 73 წამში მყარი საწვავის ამჩქარებლის დაზიანების გამო, შატლი აფეთქდა. ეკიპაჟის შვიდი წევრი დაიღუპა. ეს იყო იმ მომენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კატასტროფა პილოტირებადი კოსმონავტიკის ისტორიაში.