გატაცებული გოგონა გამტაცებლის მიერ გამოგზავნილ ბარათზე დარჩენილი თითის ანაბეჭდით იპოვეს

ნიუ-იორკის შტატის პოლიციამ ცხრა წლის შარლოტა სენა იპოვა, რომელიც კვირას მეგობრებთან ერთად ველოსიპედით სეირნობისას დაიკარგა. გამტაცებლის იდენტიფიცირება პოლიციამ იმ ბარათზე დარჩენილი თითის ანაბეჭდის გამოყენებით შეძლო, რომელიც გოგონას მშობლებმა, გამოსასყიდის მოთხოვნით, გამტაცებლისგან მიიღეს.

ორი დღის განმავლობაში შარლოტას არა მხოლოდ პოლიცია და ახლობლები, არამედ ასობით მოხალისე ეძებდა. საქმე წინ წავიდა, როდესაც შარლოტას სახლის მისამართზე გაგზავნეს წერილი, გამოსასყიდის მოთხოვნით. ქაღალდზე დარჩენილი თითის ანაბეჭდები ემთხვეოდა პოლიციის მონაცემთა ბაზაში არსებულ ანაბეჭდებს. პოლიციას ეს კაცი 1999 წელს უკვე დაკავებული ჰყავდა, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის. ხელისუფლებამ მისი სახელი გაავრცელა – კრეიგ ნელსონ როსი, 47 წლის.

გამტაცებელს დედის სახლში მიაგნეს. წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ მალევე დააკავეს. პოლიციამ შარლოტა კარადაში გამოკეტილი იპოვა.

„ის მიხვდა, რომ მის გადასარჩენად ოპერაცია მიმდინარეობდა და იცოდა, რომ ახლა უსაფრთხოდ იყო. რაც მოხდა, წარმოუდგენელია“, – განაცხადა ნიუ-იორკის გუბერნატორმა, ქეით ჰოჩულმა პრესკონფერენციაზე. პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მამაკაცს ბრალი წაუყენეს პირველი ხარისხის გატაცებაში. ექიმების თქმით, გოგონას ფიზიკური მდგომარეობა კარგია, თუმცა, მან განიცადა სტრესი, რომლის შედეგები გაურკვეველია.

Რა მოხდა

შარლოტა

მომხდარის წინა შაბათ-კვირას შარლოტას ოჯახი და მეგობრები დაბანაკდნენ მოროს ტბის სახელმწიფო პარკში, ქალაქ ოლბანიდან დაახლოებით 70 კილომეტრში. ეს ადგილი კემპინგის მოყვარულთა შორის ძალიან პოპულარულია.

შაბათს საღამოს შარლოტამ და მისმა ზოგიერთმა თანატოლმა გადაწყვიტეს, ველოსიპედით ესეირნათ. გარკვეული პერიოდის შემდეგ, შარლოტას მეგობრები კარვებში დაბრუნდნენ, გოგონამ სეირნობა მარტომ განაგრძო და გაუჩინარდა.

მისი ახლობლების თქმით, ამ დროს ჯერ კიდევ არ იყო დაღალმებული და ბანაკში სადილისთვის ემზადებოდნენ. მას შემდეგ, რაც შარლოტას მეგობრები დაბრუნდნენ, 15 წუთი გავიდა. როცა  ის  აღარ გამოჩნდა,  მშობლებმა განგაში ატეხეს.

პირველი ნახევარი საათის განმავლობაში ოჯახი და მეგობრები მას დამოუკიდებლად ეძებდნენ, რის შემდეგაც დარეკეს 911-ზე.

48 საათი

სამძებრო ოპერაციაში მონაწილეობდა 400 სამძებრო-სამაშველო პერსონალი, FBI-ის აგენტები, მეხანძრეები და კერძო სამძებრო კომპანიები. პარკში შარლოტას ველოსიპედი იპოვეს, მაგრამ არ არსებობდა კვალი, რომელიც იმაზე მეტყველებდა, თუ რა შეიძლებოდა, გადახდენოდა გოგონას თავს.

ბავშვების გაუჩინარების შემთხვევაში, პოლიცია პირველ 48 საათს მათი გადარჩენისთვის ოპტიმალურ დროდ მიიჩნევს. თავდაპირველად, გაჩხრიკეს ოჯახის და სხვა დამსვენებლების კარვები, ასევე, შეამოწმეს მათ მობილურ ტელეფონებზე დაფიქსირებული მონაცემები.

ეროვნული პარკის ტერიტორია გადაიკეტა და მანქანებიც გაჩხრიკეს. შარლოტას დეიდამ TikTok-ის საშუალებით დახმარება ითხოვა.

პირველი 48 საათი თითქმის დასრულებული იყო, მაგრამ პოლიციას ჯერ კიდევ არ ჰქონდა ინფორმაცია, სანამ სენების საფოსტო ყუთში წერილი არ ჩააგდეს. გუბერნატორის, ქეით ჰოჩულის თქმით, ხელისუფლება მიიჩნევს, რომ გამტაცებელმა ეს თავად გააკეთა, თუმცა, სახლთან უცნობის გამოჩენის მომენტი არ დაფიქსირებულა.

„ის უბრალოდ მივიდა საფოსტო ყუთთან, იმ ვარაუდით, რომ ისინი სახლში არ იყვნენ. შარლოტას მშობლები იმ დროს ჯერ კიდევ ეძებდნენ ბანაკში, ხოლო ოფიცრები, რომლებიც სახლს უთვალთვალებდნენ, სხვა გამოძახებაზე იმყოფებოდნენ იმავე რაიონში, ”- განმარტა გუბერნატორმა.

შემთხვევითი მსხვერპლი?

გამტაცებელი

ჯერჯერობით უცნობია, რატომ აირჩია კრეიგ როსმა შარლოტა მსხვერპლად; რატომ სჯეროდა, რომ მის მშობლებს შეეძლოთ გამოსასყიდის გადახდა და როგორ გაიგო მათი სახლის მისამართი. ალბათ, მანამდეც აკვირდებოდა ამ ოჯახს. პოლიციამ ეს წინასწარი დასკვნა გააკეთა იმის საფუძველზე, რომ მანქანა, რომელსაც როსი მართავდა, რეგისტრირებული იყო იმავე უბანში, სადაც სენები ცხოვრობენ.

წერილში მითითებული გამოსასყიდის თანხა ასევე არ არის დაკონკრეტებული და გაურკვეველია, შარლოტა ფულის მოპოვების მიზნით გაიტაცეს თუ გამტაცებელს ეს იდეა მოგვიანებით გაუჩნდა.

ცნობილია, რომ გოგონას გაუჩინარებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში GoFundMe პლატფორმაზე გვერდი შეიქმნა, რათა თანხები მოეპოვებინა საძიებო ოპერაციის დასახმარებლად და ძალიან სწრაფად შეგროვდა 17000 დოლარი. გამტაცებელს ამის ნახვა ინტერნეტში შეეძლო და შესაძლოა, მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტა გამოსასყიდის მოთხოვნა.

ნიუ-იორკის შტატის პოლიცია იმედოვნებს, რომ ამ კითხვებზე პასუხებს დაკავებულის დაკითხვისას მიიღებს. მისი დაკავების პირობები  გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას გამორიცხავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები