„ამერიკელი რაპუნცელების“ ტრაგიკული ისტორია – რა დაემართათ დებ საზერლენდებს
კინოს გამოჩენამდე ადამიანები სხვაგვარად ირთობდნენ თავს. მაგალითად, ცირკში დადიოდნენ, რათა აღფრთოვანებულიყვნენ განსხვავებულების ნახვით: სიამის ტყუპებით ან ზედმეტი კიდურებით დაბადებულები ადამიანებით. დები საზერლენდები სრულიად ჯანმრთელი გოგოები იყვნენ, მაგრამ ისინი გრძელი, ქალთევზას მსგავსი თმით გამოირჩეოდნენ.
დები ღარიბი ფერმერის ქალიშვილები იყვნენ: სარა, ვიქტორია, იზაბელა, გრეისი, ნაომი, მერი და დორა. ბიოგრაფმა ბრენდონ სტიკნიმ მათ შეერთებული შტატების ყველაზე სექსუალური შემსრულებლები უწოდა. თუმცა, მათ მაყურებელი არა სექსუალური ცეკვებით, არამედ საკუთარი თმით მოხიბლეს.
დების თმა კოჭებს სწვდებოდა და მოსასხამივით ფარავდა მათ ტანს. გოგონები და მათი ერთადერთი ძმა 1851-1865 წლებში დაიბადნენ. ოჯახის სიღარიბიდან გამოყვანის მცდელობისას მამამ გადაწყვიტა, ქალიშვილებისთვის სიმღერა ესწავლებინა, რათა მათ ფულის გამომუშავება შეძლებოდათ. ასე რომ, ისინი შეუერთდნენ ცნობილ ცირკის კომპანიას, სადაც მათ „მსოფლიოს შვიდი ყველაზე მომხიბვლელი საოცრება“ უწოდეს… და მართლაც, დებმა სწრაფად დაიწყეს მაყურებლის შეკრება, თუმცა მაყურებელი საერთოდ არ იყო დაინტერესებული გოგონების სიმღერის ნიჭით.
ისინი თმამ შეძრა. სტიკნი წერდა:
„დები მღეროდნენ საეკლესიო სიმღერებსა და ძველ ბალადებს. მათი სიმღერა პოპულარული იყო, მაგრამ ყველაზე მეტად ადამიანებს სურდათ, ენახათ მათი წარმოუდგენელი კულულები.“
დების ჯადოსნური წამალი
ამბობდნენ, რომ მათი დედა მერი, რომელიც 1867 წელს გარდაიცვალა, მისი უმცროსი ქალიშვილის დაბადებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, გოგონებს თმაზე უსიამოვნო სუნის ხსნარს უსვამდა. თითქოს, ეს ჯადოსნური წამალი წარმოუდგენელ ზრდას ასტიმულირებდა.
რა თქმა უნდა, მისტერ საზერლენდმა ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა და როგორც კი ჭორები გაძლიერდა, ბაზარზე გამოჩნდა ჯადოსნური ტონიკი „შვიდი საზერლენდი“. ფარმაცევტულმა ჟურნალმა, The Pharmaceutical Era-მ გააანალიზა ამ ტონიკის შემადგენლობა და შედეგები გამოაქვეყნა თავის გვერდებზე: 56% განზავებული თხილის ექსტრაქტი, 44% დაფნის წყალი, ცოტა მარილი, მაგნეზია და მარილმჟავა. ეტიკეტზე ეწერა:
„ეს რეცეპტი დამზადებულია ჩვენს მიერ და ჩვენ გირჩევთ მას, როგორც საუკეთესოს მსოფლიოში.“
ასეთი ელექსირის ბოთლი 50 ცენტიდან 1,5 დოლარამდე ღირდა, რაც მე-19 საუკუნეში საშუალო კლასის დღიურ ან თუნდაც ყოველკვირეულ ხელფასს უდრიდა. კარგი რეკლამის წყალობით, საზერლენდმა გაყიდა 2,5 მილიონი ბოთლი და გამოიმუშავა 3 მილიონი დოლარი.
საზერლენდები მალე იმდენად ცნობილი გახდა, რომ მათი ფოტოები გამოქვეყნდა იმ დროის ყველაზე ცნობილ ჟურნალებში: Cosmopolitan, The New Yorker, The New York Times და Time. 1888 წლისთვის, როდესაც გოგონების მამა გარდაიცვალა, საზერლენდის დებმა ააშენეს მდიდრული სასახლე მშობლიურ ქალაქში. სახლს 14 ოთახი ჰქონდა, ცივი და ცხელი წყალი (იმ დროს განსაკუთრებული ფუფუნება!), პარკეტის იატაკი და ჭაღები.
ეპოქის დასასრული
პრობლემები, დაახლოებით, 1920 წელს დაიწყო. მოდა საზერლენდის ოჯახისთვის დაუნდობელი აღმოჩნდა. მათი გრძელი თმები პოპულარული აღარ იყო. საზერლენდის იმპერია დაიშალა. დები მიჩვეულები იყვნენ მდიდრულ ცხოვრებას და ვერ შეძლეს თავიანთი წესების სწრაფად შეცვლა. თანხის დაუფიქრებლად ხარჯვას აგრძელებდნენ, სანამ ბიუჯეტი მთლიანად არ გამოელიათ. ჯერ კიდევ ჰქონდათ წარმატებული დაქორწინების იმედი…
თუმცა, იმის გამო, რომ გოგონები ძალიან დიდ დროს ატარებდნენ ბიზნესში, მათ ვერ ისწავლეს მამაკაცებთან ურთიერთობა. მათგან მხოლოდ სამი დაქორწინდა. ყველაფერთან ერთად, 1938 წელს მათი სახლი დაიწვა და ძველი დიდების ყველა სიმბოლო ნანგრევების ქვეშ გაქრა…