გურამ მეგრელიშვილი: რატომ გამოარჩია ღმერთმა პავლე მოციქული
ტარსუსელი პავლე მოციქული ეკლესიის თავი იმიტომ კი არ გახდა, რომ ქრისტე გამოეცხადა დამასკოს გზაზე (ბევრი პირადად იცნობდა მაცხოვარს), არც იმიტომ, რომ რომის მოქალაქე იყო და არც იმიტომ, რომ სხვებზე მეტად სწამდა იმ ღმერთის, რომელსაც ქადაგებდა. ჩემი აზრით, პავლე მხოლოდ იმიტომ გამოირჩა ასობით ქრისტიანს შორის, რომ მას ჰქონდა ძლიერი პიროვნული თვისებები, რაც აუცილებელი მოთხოვნაა ქრისტიანობის გზაზე.
მოკლედ რომ ჩამოყალიბდეს, როგორ გაიარა გზა მოციქულობამდე, ასე შეიძლება დალაგდეს:
სავლე ღრმადმორწმუნე ფარისეველია. ზედმიწევნით მხურვალე თავის რწმენაში.
სავლე მონაწილეობს სტეფანე მოციქულის ჩაქოლვაში (ჩამქოლავების ტანსაცმელთან ის იჯდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მართავდა პროცესს).
სავლეს აქვს გამოცხადება, თუ ადამიანურ ენაზე ვიტყვით, სავლე დაფიქრდება, არის კი ადამიანის ჩაქოლვა სწორი? ვაჟას ენაზე თუ გადავთარგმნით, პავლეში იღვიძებს პიროვნება და ფიქრობს, იქნებ სტეფანესაც აქვს თავისი სიმართლე (ცნობილია, რომ პირველმოწამე საკუთარ ჩამქოლავებს ლოცავდა).
პავლე იწყებს ფიქრს და პავლე იწყებს მსჯელობას. პავლე იწყებს სიმართლის ძიებას და სიმართლე იკავებს ყველა მანამდე არსებული განწყობისა და ცოდნის ადგილს.
პავლე უფრო შორს მიდის – ქადაგებს არაებრაელებისთვის და ამით ანაწყენებს თავის სულიერ ძმებს – ქრისტეს უშუალოდ ნამონაწაფარ პეტრესა და სხვებს, მაგრამ პავლემ იცის, რომ მისი პიროვნება ეძებს მხოლოდ ღმერთს და არავის სხვას (მამარდაშვილის ცნობილი პოსტულატი “ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას”, ამის გამოძახილია).
პავლე მოციქული იწყებს ქრისტიანობის ქადაგებას და იმის აღსრულებას კი არა, რაც წერია, იმის აღსრულებასაც, რაც არ წერია, მაგრამ იგულისხმება – პავლე მოციქული იწყებს მისი ღმერთის მიერ ნაქადაგები სიყვარულის რელიგიის გაშლას და განფენას, ექსკლუზიურობისგან დაცლას და საყოველთაობას. ქრისტიანობა სწორედ პავლე მოციქულმა გახადა მსოფლიოსთვის გასაგები რელიგია და აი, ამიტომ არის ის მოციქულთა თავი.
ამ მრავალმხრივი ადამიანის ცხოვრება, მხოლოდ მორწმუნის გზამკვლევი არაა, პავლე მოციქული სწორედ არამორწმუნეებისა და ეკლესიისგან შორს მდგომი, სხვა კონფესიების აღმსარებლების მოციქულია უპირველესად, რადგან “წავედით და მოიმოწაფეთ” დავალება, ინსტრუქცია, სწორედ ტარსუსელმა კაცმა გაიგო ყველაზე არსებითად.
გირჩევთ, აუცილებლად წაიკითხეთ მისი წერილები, ეკლესიურად ცხოვრობთ თუ დეკლარირებული ათეისტი ხართ. ამ სიბრძნის ხელიდან გაშვება არ შეიძლება.
გურამ მეგრელიშვილი