The Hand of Glory – ყველაზე საშინელი ექსპონატი ბრიტანულ მუზეუმში

სხეულის ნაწილები ჯერ კიდევ უძველეს დროში იქცა ჯადოქრობის ატრიბუტად. შუა საუკუნეებში ამ ტიპის ყველაზე ცნობილი ოკულტური ობიექტი „დიდების ხელი“ იყო. ეს გახლავთ ჩამომხრჩვალი კრიმინალური პირისთვის მოკვეთილი ხელი, რომელსაც განსაკუთრებულად ეპყრობიან, რადგან ის მისტიკურ ძალას ფლობს. ერთადერთი ნამდვილი „დიდების ხელი“ ინახება უიტბის მუზეუმში და მისი საიდუმლო ჯერ კიდევ არ არის ამოხსნილი.

მე-20 საუკუნის დასაწყისში კალატოზმა, ჯოზეფ ფორდმა კასტლტონში ძველი კოტეჯის სხვენის რემონტის დროს იზოლირებულ ადგილას აღმოაჩინა ადამიანის მუმიფიცირებული ხელი, რომელიც შენობის კედელზე იყო მიმაგრებული. სხვა ოსტატი „სიურპრიზს“ უბრალოდ გადააგდებდა, მაგრამ ფორდი არ იყო მხოლოდ მშენებელი, არამედ ადგილობრივი ისტორიკოს-ენთუზიასტიც, ამიტომ მან გადაწყვიტა, შეენარჩუნებინა საშინელი აღმოჩენა.

„დიდების ხელი“  ფორდის სახლში მის გარდაცვალებამდე ინახებოდა და 1935 წელს, მამაკაცის ანდერძის თანახმად, იგი უიტბის ქალაქის მუზეუმს გადასცეს. მას შემდეგ ადამიანის გამხმარი ხელი გახდა მუზეუმის ყველაზე პოპულარული ექსპონატი; საზიზღარი, მაგრამ ამავე დროს წარმოუდგენლად მიმზიდველი.

ითვლება, რომ ეს არის ერთადერთი ორიგინალური „დიდების ხელი“ ევროპაში. ეს ჯადოსნური „ნივთი“ მე-19 საუკუნის ბოლომდე ძალიან პოპულარული იყო კრიმინალებში, რადგან ცრუმორწმუნე ქურდებს მტკიცედ სჯეროდათ მისი ზებუნებრივი ძალების. ითვლებოდა, რომ სახლში, სადაც ამ ხელს შეიტანდნენ ან შეაგდებდნენ, ყველა დაიძინებდა და თავდამსხმელებს შეეძლებოდათ, იქ ყოველგვარი შიშის გარეშე ემოქმედათ.

თუმცა, იმისთვის, რომ „დიდების ხელს“ ემუშავა, ის სათანადოდ უნდა მოპოვებულიყო და შემდეგ რთული ინსტრუქციების მიხედვით მომზადებულიყო. 1722 წელს გამოქვეყნებულ ოკულტურ სახელმძღვანელოში ნათქვამია, რომ ხელი უნდა მოკვეთონ ჯერ კიდევ თოკზე ჩამოკიდებულ სხეულს. აი, რა უნდა გაგეკეთებინა შემდეგში:

„აიღეთ გზის პირას, ღელესთან ჩამომხრჩვალი დამნაშავის მარჯვენა ან მარცხენა ხელი; გაახვიეთ სამარხ ქსოვილში და კარგად მოუჭირეთ. შემდეგ ჩადეთ თიხის ჭურჭელში მარილთან და ცხარე დაფქულ წიწაკასთან ერთად. გააჩერეთ ხელი ქილაში ორი კვირის განმავლობაში, შემდეგ ამოიღეთ და მზის შუქზე მოათავსეთ, რათა კარგად გაშრეს. თუ მზის სხივები სუსტია, გვიმრასთან და ვერბენასთან ერთად ჩადეთ ხელი ღუმელში. შემდეგ გააკეთეთ სანთელი ჩამოკიდებული კრიმინალის ქონის, ცვილისა და სეზამის თესლისგან. გამოიყენეთ „დიდების ხელი“, როგორც სანთლის დამჭერი. სადაც არ უნდა წახვიდე ამ დესტრუქციული იარაღით, შენს ირგვლივ ყველა გაშეშდება“.

ამავე წიგნში, ასევე, აღწერილია ხელის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდი. შელოცვის თავიდან ასაცილებლად, საჭირო იყო სახლის ზღურბლზე შავი კატის ნაღველის, ქათმის თეთრი ცხიმისა და ბუს სისხლს შეზელვა. საეჭვოა, რომ „დიდების ხელი“ ნამდვილად მუშაობდა, მაგრამ ინგლისელი ქურდები მზად იყვნენ დაეჯერებინათ ნებისმიერი სისულელე, მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი თავისთვის უსაფრთხოების ილუზია შეექმნათ.

მე-19 საუკუნის შუა ხანებამდე სხვის სახლში უკანონო შესვლა, თუნდაც ქურდობის ფაქტის გარეშე, ითვლებოდა დანაშაულად, რომელიც ისჯებოდა ჩამოხრჩობით. ასე რომ, თავად ქურდი დიდი რისკის ქვეშ იყო.

სხვა წყაროების მიხედვით, დიდების „ხელის“ ხუთივე თითზე, სანთლის ნაცვლად, ცეცხლი უნდა დანთებულიყო. თუ რომელიმე მათგანი ჩაქრებოდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ჯადოქრობა არ მუშაობდა და ვიღაცას სახლში არ სძინავდა. ნებისმიერ შემთხვევაში, არც სანთელი და არც თითები არ შეიძლებოდა ჩამქრალიყო არც წყლით და არც იმპროვიზებული საშუალებებით – ამისთვის მხოლოდ ადამიანის სისხლი ან „ლურჯი“, ანუ უცხიმო რძე იყო საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები