„წარუმატებელი სკოფილდი“ – ციხეში გათხრილი გვირაბი, რომელიც ძაღლების ვოლიერებთან მიდის
არგენტინის ციხიდან პატიმრების გაქცევა კრახით დასრულდა. ჩანაფიქრის თანახმად, ისინი ციხის გარეთ გათხრილი გვირაბის დახმარებით უნდა მოხვედრილიყვნენ, მაგრამ ბედმა არ გაუღიმათ. თავისუფლებაზე მოხვედრის მაგივრად, პატიმრები ყველაზე მოულოდნელ ადგილას აღმოჩნდნენ.
ეს ყველაფერი 2019 წელს მოხდა. ახალგაზრდებმა გვირაბის გათხრა სცადეს, როგორც ეს ბევრი ფილმის გმირებმა გააკეთეს, მაგრამ მათგან განსხვავებით, ფიასკო განიცადეს.
პატიმრები მუშებად მუშაობდნენ, ამიტომ ადვილად მოიპოვეს წვდომა საჭირო იარაღებზე. მიწისქვეშა გვირაბის გასათხრელად, მათ ორი დღე დასჭირდათ. იმისთვის, რომ არავის შეემჩნია უცნაური ხვრელები ციხის ტერიტორიაზე, მამაკაცებმა ისინი ფიცრებით, ნახერხით და შემდეგ მიწით შენიღბეს.
თუმცა, პატიმრებმა სხვაგან გაუხვიეს. ყველაფერი გამოთვლებისა და გეგმის თანახმად არ წავიდა. გზა შეეშალათ და ამ გვირაბმა ისინი პირდაპირ ძაღლების ვოლიერთან მიიყვანა. პატიმრებმა ეს ჯერ არ იცოდნენ. ცხადია, ძაღლებმა იგრძნეს, რომ რაღაც უცნაური ხდებოდა, ამიტომ ყეფა დაიწყეს და ციხის ბადრაგების ყურადღება მიიქციეს. ზუსტად მაშინ შენიშნეს პოლიციელებმა მიწაში გაკეთებული თხრილები, რომელთა დიამეტრიც 90 სანტიმეტრი იყო, ხოლო სიღრმე – 1,5 მეტრი.
თხრილში პოლიციელებმა ნიჩაბიც ნახეს, რომელსაც პატიმრები იყენებდნენ, მაგრამ მათ განგაში მაშინვე არ აუტეხავთ. გაქცევის მცდელობის მსურველების პოვნა 1500 პატიმარს შორის რთული იქნებოდა, ამიტომ პოლიციელებმა უკეთესი რამ მოიფიქრეს.
ისინი გვირაბს ჩაუსაფრდნენ და დაელოდნენ. რაღაც დროის შემდეგ პირველი გამქცევებიც გამოჩნდნენ. როგორც ციხის ადმინისტრაციამ განაცხადა, ისინი სასჯელს ქურდობისთვის იხდიდნენ და ციხე 1-2 წელიწადში უნდა დაეტოვებინათ, მაგრამ გაქცევის მცდელობისთვის სასჯელი კიდევ დაუმატეს.