გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლი და სამზარეულო სივრცე გაიხსნა
იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს ინოვაციურ, მსოფლიოს მასშტაბით უპრეცედენტო პროექტის განხორციელებას – რატი ბრეგაძემ გლდანის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლის რიგით მესამე ფილიალი გახსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, იუსტიციის სახლები პატიმრებს შესაძლებლობას აძლევს, შეუზღუდავად ჰქონდეთ წვდომა სახელმწიფო და კერძო სექტორის 50-ზე მეტ სერვისზე. ფილიალები პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებსაც მოემსახურება. დღესვე, პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, გლდანის ციხეში ახალი სამზარეულო სივრცეც გაიხსნა, რაც კიდევ უფრო აამაღლებს საკვების უსაფრთხოების ხარისხს. სამზარეულო 3000 ბრალდებულს/მსჯავრდებულს მოემსახურება. 8 სახის მენიუ სხვადასხვა დაავადების მქონე პატიმრებზეცაა გათვლილი და მათი ჯანმრთელობის საჭიროებებზე სრულად არის მორგებული.
სივრცეში 17 მსჯავრდებულია დასაქმებული, რომლებიც შესაბამის ანაზღაურებას იღებენ. გლდანის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლისა და სამზარეულო სივრცის გახსნას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე ესწრებოდნენ.