მანფრედ ფრიც ბაიორატის ისტორია – მეზღვაური, რომელიც იახტაზე მუმიად იქცა
2016 წელს მსოფლიოში გავრცელდა ამბავი უცნაური და საშიში აღმოჩენის შესახებ. იახტაზე, ფილიპინების მუნიციპალიტეტ ბარობოსგან 100 კილომეტრში იპოვეს გერმანელი მეზღვაური მანფრედ ფრიც ბაიორატის (Manfred Fritz Bajorat) „მუმია“. მაშინვე გაჩნდა ვარაუდი, რომ ის ჯერ კიდევ 2009 წელს გაუჩინარდა (სავარაუდოდ, მას შემდეგ ეს ადამიანი არავის უნახავს) და მთელი ამ ხნის განმავლობაში, იახტა, ცხედრით, ზღვაში იყო. „მუმიის“ უჩვეულო გარეგნობამ აღმოჩენის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზებას შეუწყო ხელი. სიტუაციის დრამატულობას კი გარდაცვლილის პოზა ამძაფრებდა: ის, თითქოს, მთელი ძალით ცდილობდა დახმარების გამოძახებას და რადიოსთან „გაიყინა“.
2016 წლის მარტის დასაწყისში ორმა ფილიპინელმა თევზაობისას დააფიქსირა თეთრი იახტა, რომელიც ზედაპირზე ტივტივებდა. მასთან უფრო ახლოს მიცურვისას დაინახეს, რომ ანძა გატეხილი იყო და თავად გემი ნახევრად წყალს დაეფარა, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ იახტა გაურკვეველი დროის განმავლობაში ღია ზღვაში დაცურავდა.
ახალგაზრდა მეთევზეებმა გემზე ასვლის შემდეგ შენიშნეს არეულობა, რომელიც გემბანზე და შიგნით სუფევდა. სალონში წააწყდნენ კაპიტნისა და გემის მფლობელის, 59 წლის გერმანელი იახტსმენის, მანფრედ ფრიც ბაიორატის გვამს. ვინაობა ბორტზე აღმოჩენილი დოკუმენტების საფუძველზე დადგინდა.
სიკვდილი კაპიტანს მაშინ წამოეწია, როდესაც ის რადიოტელეფონით დახმარების გამოძახებას ცდილობდა. მარილიანმა ჰაერმა, მშრალმა ქარმა და ძლიერმა სიცხემ სხეული მუმიფიცირებული სახით შეინარჩუნა. მამაკაცის გვერდით, ასევე აღმოჩნდა მის მიერ 2010 წელს სიმსივნით გარდაცვლილი მეუღლისათვის მიწერილი უკანასკნელი წერილი.
მანფრედ ბაიორატმა ბოლო 20 წელი წყალში გაატარა. მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისას მას თან საკუთარი მეუღლეც ახლდა, სანამ ისინი განქორწინდებოდნენ. ეს მეუღლის გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე მოხდა. მანფრედის წერილი, ჯერ კიდევ საყვარელი ცოლისადმი, მთავრდება სიტყვებით:
„ოცდაათი წელი მე და შენ გვერდიგვერდ მივდიოდით ერთ გზაზე, მაგრამ ბნელი ძალები უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე სიცოცხლის ნება. ახლა შენ აღარ ხარ. დაე, შენმა სულმა მშვიდობით განისვენოს.
შენი მანფრედი“.