ბაია კვიციანმა  და როსტომ ჩხეიძემ ახალციხესა და ახალქალაქში შეხვედრები გამართეს

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანის  და პარლამენტის წევრ როსტომ ჩხეიძის ახალციხესა და ახალქალაქში გამართული შეხვედრების მთავარი თემა ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის საკითხი იყო. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბაია კვიციანმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და  განათლების თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით ჩატარებული თემატური მოკვლევის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა გააცნო და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კომიტეტი ყველაფერს გააკეთებს ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით დასახული გეგმების შესასრულებლად.

„ჩვენ დავიწყეთ ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის თემატური მოკვლევის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების მონიტორინგის ეტაპი და ეს შეხვედრებიც ამ პროცესის ნაწილს წარმოადგენს. რეგიონებში გასვლის მიზანია ყველა დაინტერესებულ პირს გავაცნოთ, თუ რეკომენდაციების შესრულების რა ეტაპზე ვიმყოფებით. პროცესი რამდენიმე წელზეა გაწერილი და ვგეგმავთ, რომ მონიტორინგი ყოველწლიურად განვახორციელოთ”, – განაცხადა ბაია კვიციანმა.

მისი თქმით, შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო და აღსანიშნავია, რომ თემატური მოკვლევის შედეგების მიმართ განწყობები მნიშვნელოვნად  შეიცვალა დადებითი კუთხით.

„ნამდვილად ხაზგასასმელი ფაქტია, რომ განწყობები საზოგადოებაში საგრძნობლად შეცვლილია. თუ თავიდან ზოგიერთი არასამთავრობო, სამოქალაქო სექტორის მხრიდან  სკეპტიკური განწყობები შეინიშნებოდა,  დღეს, როდესაც სახეზე გარკვეული შედეგები გვაქვს მათი განწყობებიც პოზიტიური გახდა.
დარწმუნებული ვართ, ერთობლივი თანამშრომლობით კიდევ უფრო მეტს მივაღწევთ”, – განაცხადა ბაია კვიციანმა.

თემატური მოკვლევა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პროგრამის „ანგარიშვალდებული და ინკლუზიური პოლიტიკური გადაწყვეტილებების ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები