„იშვიათი ფრინველი“ – ვინ არის 102 წლის აირის აპფელი და რა როლი უჭირავს მას მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში

მოდის ხატი, ბიზნესვუმენი და კრეატიული სულისკვეთების მქონე ქალი აირის აპფელი წელს 102 წლის იუბილეს აღნიშნავს. მისმა უნიკალურმა ხედვამ სტილისა და დიზაინის შესახებ წარუშლელი კვალი დატოვა მოდის ინდუსტრიაში. ამასთანავე, ის დღესაც განაგრძობს დიზაინერების, სტილისტებისა და მოდის მოყვარულების შთაგონებას.

აირის აპფელი ერთ-ერთი ყველაზე ექსტრავაგანტური ქალია მოდის სამყაროში. მისი უზარმაზარი გარდერობი შეიძლება მე-20 საუკუნის მოდის ისტორიის მაგალითი გახდეს. ის არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტექსტილის ფირმის, Old World Weavers-ის დიზაინერი, კოლექციონერი და შემქმნელი.

„იშვიათი ფრინველის“ ადრეული აფრენა

აპფელი დაიბადა ნიუ-იორკში, ქუინსის რაიონში 1921 წლის 29 აგვისტოს რუსეთიდან ჩამოსული ებრაელი ემიგრანტის, სამუელ და სედი ბურელების ოჯახში. იგი ბავშვობიდან იყო გარშემორტყმული მოდით: დედამისი ფლობდა მოდური ქუდების ბუტიკს, მამა კი სარკეების მწარმოებელი კომპანიის მფლობელი გახლდათ. ბავშვობაში პატარა აირისს უყვარდა მაღაზიების ვიტრინების გაფორმება და მამასთან ერთად დიზაინის სტუდიაში სიარული.

ერთხელ პატარა აირისი საყიდლებზე იყო. მაღაზიის მეპატრონე მიუახლოვდა მას და უთხრა:

„ახალგაზრდა ქალბატონო, შენ არასდროს იქნები ლამაზი, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. შენ გაქვს რაღაც უკეთესი – ეს არის სტილი“.

კარიერა და ბიზნესი

აპფელი სწავლობდა სახვით ხელოვნებას ვისკონსინისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტებში. Women’s Wear Daily-ში კორესპონდენტად მუშაობის შემდეგ, ინტერიერის დიზაინერად გადამზადდა და მოგვიანებით საკუთარი ბიზნესი გახსნა, ტექსტილის დეკორაციით და იმპორტით. 1948 წელს აირისი დაქორწინდა კარლ აპფელზე.

1950 წელს აპფელმა დააარსა Old World Weavers, კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია უნიკალური ტექსტილის მასალების იმპორტში. ძალიან მალე აირისი ცნობილი გახდა ელიტარულ წრეებში მისი უნიკალური გემოვნების გამო. მათი კომპანია იმდენად წარმატებული იყო, რომ თეთრ სახლზეც კი მუშაობდნენ. ისინი ემსახურებოდნენ აშშ-ს 9 პრეზიდენტს – ტრუმენიდან კლინტონამდე. მრავალი საქმიანი მოგზაურობის დროს აპფელი აგრძელებდა გარდერობის შევსებას ყველაზე უჩვეულო ნივთებით.

სტილის ხატი

აირის ბარელ აპფელმა ნამდვილად იცის, როგორ მოახდინოს შთაბეჭდილება თავისი გარეგნობით. ამ ქალს ყოველთვის ექსცენტრული სტილი ჰქონდა. უზარმაზარი მრგვალი სათვალე, ნათელი აქსესუარები, სხვადასხვა ტექსტურის და პრინტების კომბინაცია – ეს ყველაფერი მისი საფირმო თვისება გახდა. ყოველთვის დინების საწინააღმდეგოდ ცურავს, უყვარს იაფფასიანი ნივთების მაღალ მოდასთან შეხამება. მისი სტილი შეიძლება შეჯამდეს ერთი სიტყვით: უშიშარი.

აირის აპფელი არ მიჰყვება ტენდენციებს, ის თავად ქმნის მათ. მისი ეკლექტიკური სტილი მაღალი დონის, ბიუჯეტისა და ვინტაჟური ელემენტების უჩვეულო კომბინაციაშია. აირისი ცნობილია იშვიათი საკოლექციო ნივთების სიყვარულითაც. 90 წლის ასაკში იგი გახდა MAC Cosmetics-ის სარეკლამო კამპანიის სახე, რამაც ქალი, ფაქტობრივად, ახალგაზრდების ხატად აქცია.

„მე ყველაზე უფროსი მოზარდი ვარ მსოფლიოში“, – ამბობს აირისი საკუთარ თავზე.

გვიანი წლები – ახალი მოწოდება

1992 წელს აირისი და კარლი გავიდნენ ტექსტილის ბიზნესიდან, მაგრამ მათ ვერ იცხოვრეს მშვიდი ცხოვრებით – 2005 წელს მთელმა მსოფლიომ შეიტყო ექსცენტრული მოდური ქალის შესახებ.

მას შემდეგ, რაც მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმმა მოაწყო გამოფენა, რომელიც ეძღვნებოდა მის განუმეორებელ სტილს, სახელწოდებით – „იშვიათი ჩიტი” – აირისმა მოიპოვა თაყვანისმცემლების ახალი არმია ახალგაზრდა თაობაში. გამოფენამ არა მხოლოდ აჩვენა აირისის განუმეორებელი სტილი, არამედ ხაზი გაუსვა მის გავლენას მოდის ინდუსტრიაზე და მის, როგორც სტილის ხატის სტატუსს. „იშვიათმა ჩიტმა“ ათასობით ვიზიტორი მიიზიდა და იმ წლის მოდის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად იქცა.

2014 წელს აირისის ცხოვრებასა და კარიერაზე გადაიღეს დოკუმენტური ფილმი „აირისი“, რომლის რეჟისორი ალბერტ მეილსია. ფილმმა დადებითი შეფასება მიიღო.

„არ მაინტერესებს წვეულებაზე დამპატიჟეს თუ მე თვითონ ვაწყობ წვეულებას – მთავარია წვეულებისთვის ჩაცმა“, – აღიარებს აპფელი ფილმში.

მოდის სამყაროში მისი უდავო ავტორიტეტის დასადასტურებლად, აირისმა გამოუშვა წიგნი პროვოკაციული სათაურით – „მოდის იშვიათი ჩიტი“. ამ ნაშრომში ის აზიარებს თავის აზრებს მოდაზე, ცხოვრებაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა შეინარჩუნო ინდივიდუალობა მსოფლიოში, სადაც სტანდარტები და სტერეოტიპები გამეფებულა.

102 წელი არ არის მხოლოდ რიცხვი აირის აპფელისთვის. ეს არის კრეატიულობის, ვნებისა და სამყაროს  უნიკალური ხედვისადმი ურყევი ერთგულების საუკუნეზე მეტი დრო… მსოფლიო მოდის „იშვიათი ჩიტი“ აგრძელებს მაღლა ფრენას და ჩვენს შთაგონებად რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები