სუს: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ ახალუბანთან საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ, საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, უწყებამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“ გააქტიურა.
“მომხდარი უკანონო ქმედების შესახებ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამ ეტაპისთვის, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებულ პირთა უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.