“2008 წელს რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხალხები განადგურების საფრთხისგან გადაარჩინა” – ბჟანია
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, 2008 წლის აგვისტოში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხალხის გამბედაობამ, ისევე როგორც რუსეთის ხელმძღვანელობის გადამწყვეტმა და კოორდინირებულმა ქმედებებმა, კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის შეჩერებას შეუწყო ხელი.
ამის შესახებ ბჟანიას მიმართვაშია ნათქვამი.
მისი თქმით, 2008 წელს “საქართველოს ხელმძღვანელობამ ჯერ სამხრეთ ოსეთის, შემდეგ კი აფხაზეთის განადგურება გადაწყვიტა”.
„ქართულმა მხარემ, სამშვიდობო მოლაპარაკებების მიუხედავად, რომელიც ამ პერიოდში იმართებოდა, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენა. საქართველო მშვიდობისკენ აიძულეს, ორი მოძმე რესპუბლიკის ხალხები განადგურების საფრთხისგან გადაარჩინეს“, – აღნიშნა ბჟანიამ.
მან დასძინა, რომ “აფხაზეთში დღეს პატივს მიაგებენ ამ ომის ყველა დაღუპულის ხსოვნას და იზიარებენ მოძმე სამხრეთ ოსელ ხალხთან დანაკარგის ტკივილს”.
„ჩვენ მადლობას ვუხდით რუსეთის ფედერაციას რთულ პერიოდში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერისთვის. დღეს, თავად რუსეთის ფედერაცია მძიმე გამოწვევების წინაშე დგას, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი სრული მხარდაჭერა ქვეყნის ხელმძღვანელობასა და რუს ხალხს“, – განაცხადა ბჟანიამ
მან იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი მოვლენები აღარ განმეორდება და “სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთისა და რუსეთის ხალხები იცხოვრებენ მშვიდობასა და კეთილდღეობაში”.