ოკეანეში ტემპერატურამ რეკორდულად იმატა – შედეგი პლანეტისთვის შესაძლოა, სავალალო იყოს
ოკეანეების ტემპერატურამ რეკორდულ დონეს მიაღწია – კლიმატის ცვლილების გამო, ისინი სითბოს შთანთქავენ. ამან შეიძლება, დამანგრეველი შედეგები გამოიღოს ჩვენი პლანეტისთვის.
ევროკავშირის კლიმატის ცვლილების სამსახურის თანახმად, ზღვის ზედაპირის საშუალო დღიურმა ტემპერატურამ ამ კვირაში 2016 წლის რეკორდს გადააჭარბა.
მან მიაღწია 20.96C-ს. ეს საშუალოზე ბევრად მაღალია წელიწადის ამ დროისთვის.
ოკეანეები კლიმატის სასიცოცხლო მნიშვნელობის მარეგულირებლებს წარმოადგენენ. ისინი შთანთქავენ სითბოს, გამოიმუშავებენ დედამიწის ჟანგბადის ნახევარს და განსაზღვრავენ ამინდს.
თბილ წყლებს ნახშირორჟანგის შთანთქმის ნაკლები უნარი აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ სათბურის აირების მეტი რაოდენობა ატმოსფეროში დარჩება. ამას ასევე შეუძლია დააჩქაროს მყინვარების დნობა, რაც გამოიწვევს ზღვის დონის კიდევ უფრო აწევას, მდინარეების ადიდებას, შექმნის მეწყრულ საშიშროებას და მრავალი სტიქიური უბედურების საწინდარი შეიძლება გახდეს. ამას კი, ცხადია, ადამიანური მსხვერპლი მოჰყვება.
ცხელი ოკეანეები და სიცხის ტალღები აწუხებს ზღვის ბინადრებს, რომლებიც გადაადგილდებიან უფრო გრილი წყლების მოსაძებნად, რაც კვების ჯაჭვს არღვევს. ექსპერტები ამბობენ, რომ ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს თევზის მარაგებზე.
ზოგიერთი მტაცებელი ცხოველი, მათ შორის, ზვიგენი, შეიძლება გახდეს აგრესიული, რადგან, თბილი ტემპერატურის გამო, ისინი დაბნეულები არიან.
„როდესაც წყალში ხტები, გრძნობ, თითქოს აბაზანაში ხარ. მაგალითად, ფლორიდაში, არაღრმა წყლის რიფებზე გავრცელებულია მარჯნის გაუფერულება და ბევრი მარჯანი უკვე მოკვდა“, – აცხადებს ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის მეცნიერი კეტრინ ლესნესკი, რომელიც მექსიკის ყურეში ზღვის სითბურ ტალღებს აკვირდება.
„ჩვენ ახლა უფრო მეტ გავლენას ვახდენთ ოკეანეებზე, ვიდრე ოდესმე ”, – აღნიშნავს მეცნიერი მეტ ფროსტი პლიმუთის საზღვაო ლაბორატორიიდან.