“მეწყერი შოვის შესასვლელიდან იწყება და საკმაოდ ძლიერია – ხიდი და ცენტრალური გზის გარკვეული ნაწილია წაღებული, წინ ვეღარ გადავაადგილდებით” – რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე
რაჭა-ლეჩხუმ/ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, ქრისტინე კობახიძის განცხადებით, მეწყრული და პრობლემური მონაკვეთები შოვის შესასვლელიდან იწყება.
მისი თქმით, ამ ეტაპზე, მეწყრულ ზონასთან მიახლოება უჭირთ, რადგან ხიდი არის წაღებული.
„გაჩერებული ვართ რაღაც ეტაპზე იმიტომ, რომ ხიდი არის წაღებული, შესაბამისად, წინ ვეღარ გადავაადგილდებით. სამწუხაროდ, ვერავის ვუკავშირდებით. მეწყერი არის საკმაოდ დიდი, შემიძლია დაგიდასტუროთ. რაღაც ეტაპზე ცენტრალური გზის ადგილები აქვს წაღებული. სოფელი გლოლა რომ სრულდება, შოვის შესასვლელიდან უკვე პრობლემური მონაკვეთები იწყება. დანარჩენი არანაირი ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა ქრისტინე კობახიძემ “ინტერპრესნიუსთან”.
ცნობისთვის, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი არიან ადამიანები.