100 წლის ასაკში ყველაფერი მხოლოდ იწყება – მეცნიერთა ჯგუფი ამტკიცებს, რომ ადამიანის სიცოცხლეს საზღვარი არ აქვს
ბიბლიური ლეგენდების თანახმად, ძველ დროში ადამიანები 500-800 წელი ცხოვრობდნენ. ადამიანის დღეგრძელობა საკამათო თემაა, მაგრამ ბოლო კვლევების შედეგად მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სიკვდილის ბიოლოგიური ალბათობა მხოლოდ 105 წლამდე იზრდება და შემდეგ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.
ამერიკელმა და იტალიელმა მეცნიერებმა ჟურნალ Science-ში გამოაქვეყნეს კვლევა ადამიანის სიცოცხლისუნარიანობის შესაძლებლობებზე. ჯგუფის წარმომადგენელმა, კენეტ ვახტერმა, კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, თქვა, რომ ისინი აკვირდებოდნენ მოხუც იტალიელებს და მივიდნენ შემდეგ დასკვნამდე – სიცოცხლის 105-ე წელს ნაადრევი სიკვდილის ალბათობა წყვეტს ზრდას.
მარტივად რომ ვთქვათ, 60 წლის ასაკში სიკვდილის ალბათობა უფრო დაბალია, ვიდრე 80 წლის ასაკში, რადგან ამ დროს ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად უარესდება, მაგრამ 105 და 115 წლის ასაკში სიკვდილის ალბათობა იგივეა. შესაბამისად, ყველაფერი ჩვენს ხელშია. კვლევაში მონაწილეობდა 105 წლის და უფრო მაღალი ასაკის 3836 იტალიელი, რომლებმაც მიაღწიეს საჭირო ასაკს 2009-2015 წლებში. მათი უმეტესობა, რა თქმა უნდა – ქალია, აუცილებელი ბარიერი მხოლოდ 463-მა მამაკაცმა გადალახა. აღმოჩნდა, რომ 105 წლის მიღწევის შემდეგ „საფრთხის მრუდები“ მუდმივი ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სიკვდილის ალბათობა ჩერდება.
ზოგადად, ბუნებაში არსებობს ე. წ. გომპერცის კანონი – გარკვეული ასაკის მიღწევისას, სახეობების უმეტესობა სიბერით იღუპება, ხოლო სხვა ტიპის სიკვდილის ალბათობა ყოველ მომდევნო წელს იზრდება. თუმცა, მეცნიერები იტოვებენ იმედს, რომ ადამიანის სიცოცხლე არ ემორჩილება ამ ბუნდოვან კანონს. მიუხედავად ამისა, 2016 წელს ამერიკელმა მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ადამიანებს შეუძლიათ მაქსიმუმ 110-115 წლამდე მიაღწიონ.
ვახტერი და მისი კოლეგები არ ეთანხმებიან ამ პერსპექტივას. მათ გააანალიზეს ყველა შეგროვებული ინფორმაცია ასი წლის ადამიანების შესახებ და გაარკვიეს, რომ 105 წლის შემდეგ, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად გადაცდები ამ ნიშნულს, არაფერი იცვლება. აქედან გამომდინარე, გომპერცის კანონი არ ვრცელდება ადამიანებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიკვდილის ალბათობა 105 წლის შემდეგაც გაიზრდებოდა.
მონაცემები საკმაოდ საიმედოდ გამოიყურება, მაგრამ სამეცნიერო სამყაროში, რა თქმა უნდა, ცოტა ადამიანი ეთანხმება მათ. მაგალითად, ცნობილმა მეცნიერმა, ბრენდონ მილჰოლანდიმ განაცხადა, რომ მარადიული სიცოცხლე შეუძლებელია. ის თვლის, რომ ადამიანის სიცოცხლის ზღვარი უბრალოდ 110-115 წელზე მეტია, მაგრამ ის უსასრულოდ ნამდვილად არ შეიძლება გაგრძელდეს.