ვინ არის ქალი, რომელმაც ჰოლოკოსტის 87 წლის მსხვერპლს 2,8 მილიონი დოლარი მოჰპარა
ფლორიდის მკვიდრს, რომელმაც ჰოლოკოსტის მსხვერპლ 87 წლის მამაკაცს მთელი ქონება მოტყუებით გაუფლანგა, ოთხწლიანი პატიმრობა შეუფარდეს.
ისტორია იქიდან დაიწყო, რომ 36 წლის პიჩის სტერგო, სოციალურ ქსელების დახმარებით, დაუკავშირდა 87 წლის მოხუცს და 2017 წლიდან 2021 წლამდე მსხვერპლს 2.8 მილიონ დოლარზე მეტი თანხა გამოსძალა. მოსამართლემ მის თაღლითობას „ენით აუწერლად სასტიკი“ უწოდა. ის თავს აჩვენებდა, თითქოს, სასამართლო დავაში იმყოფებოდა და ადვოკატისთვის თანხა ჰქონდა გადასახდელი. მან მსხვერპლთან სასიყვარულო რომანი გააჩაღა.
სტერგო გაემგზავრა ნიუ-იორკში და მსხვერპლს მანჰეტენზე მდებარე ბინაში ეწვია. ამტკიცებდა, რომ ფლორიდაში ძიძად მუშაობდა და ალისა ერქვა. მას არ გაუმჟღავნებია, რომ იგი სხვა მამაკაცთან იყო ხანგრძლივ ურთიერთობაში და ორი შვილი ჰყავდა. როდესაც მოხუცს ფული გაუთავდა, თაღლითმა ქალმა აიძულა, დარჩენილი ძვირფასეულობა გაეყიდა და ფული ნაცნობებისგან ესესხა. მამაკაცმა, თავის მხრივ, მომხდარის შესახებ საკუთარ შვილს უამბო, რომელმაც თაღლითობის შესახებ იეჭვა.
მსხვერპლი გაღატაკდა და იძულებული გახდა, თავისი ბინა გაექირავებინა. ამასობაში, თაღლითი მოპარულ მილიონებს ხარჯავდა: მოგზაურობდა, სადილობდა მდიდრულ რესტორნებში, ყიდულობდა ძვირფასეულობას…
მოსამართლესადმი მიწერილ წერილში მსხვერპლი, რომელიც 6 წლის იყო, როდესაც ჰოლოკოსტის შედეგად მშობლები დაკარგა, წერს: „ადამიანი, რომელმაც გადავიტანე ჰოლოკოსტი, აუტანელი ტკივილი და დანაკარგი განვიცადე ჩემს ცხოვრებაში, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ სიბერეში ასეთი უგულო ღალატის მსხვერპლი გავხდებოდი“.
როდესაც სასამართლოში სტერგოს სიტყვის უფლება მისცეს, მან ბოდიში მოიხადა, დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ მოტყუებით დაეფლა უცხო ადამიანის ფულს.
სტერგოს ადვოკატმა, ენ მარი ფიცმა განაჩენის გამოცხადებამდე მოსამართლეს წერილობით მიმართა და განაცხადა, რომ სტერგოს პარტნიორი მას ახასიათებს, როგორც გმირ დედას და კეთილ ქრისტიანს.
„იგი არ არის ცივსისხლიანი ადამიანი, როგორადაც მას სახელმწიფო და მედია ახასიათებს. სტერგოს მსხვერპლთან მზრუნველობითი ურთიერთობა ჰქონდა – მასთან დღესასწაულებს ატარებდა და ზრუნავდა მასზე, როდესაც ავად ხდებოდა“, – წერს ადვოკატი.