რასპუტინი – გარყვნილებიდან სიწმინდემდე
გრიგორი ექვთიმეს ძე ნოვიკი, ყველასთვის ცნობილი, როგორც “რასპუტინი” პოკროვსკოეში დაიბადა.
ის არასოდეს ყოფილა ბერი, მაგრამ ისტორიამ მისი სახელი მაინც მართლმადიდებელ ეკლესიას დაუკავშირა.
გრიგორი 17 წლისა დაოჯახდა, 4 შვილი ჰყავდა, მერე მოულოდნელად მიატოვა ოჯახი და სამოგზაუროდ წავიდა საბერძნეთსა და იერუსალიმში. დაბრუნებულმა განაცხადა, რომ კურნების ნიჭი მიემადლა და დაიწყო კიდეც “კურნება” ავადმყოფი ცხენების.
მისი მკურნალობის ძირითადი მეთოდიკა ჯგუფური ხმამაღალი ლოცვა და სექსი იყო (ამბობენ, რომ ის ხლისტების რწმენას აღიარებდა). რასპუტინი ამტკიცებდა, სექსუალური დაცემის მერე სინანული ათმაგად ძლიერია და ცხონებაში გვეხმარებაო.
თივაში ცეცხლი არასოდეს იმალება და მალე მისი გარყვნილების შესახებ ამბავი ტობოლსკსაც გასცდა, ხალხმა “მოფერებით” მეტსახელი “რასპუტინი” დაარქვა, რაც რუსულად გარყვნილ ადამიანს ნიშნავს.
გრიგორის ალბათ არც უოცნებია მასშტაბების გაზრდაზე, მაგრამ მოხდა ისე, რომ იმპერატრიცამ ციმბირში იმოგზაურა და ადგილობრივ “მკურნალზე” რომ შეიტყო, მისი გაცნობა მოინდომა. რასპუტინს კი რაც ნამდვილად შეეძლო, ქალების მოხიბვლა და დამორჩილება გახლდათ.
ალექსანდრა ზოგადად მიდრეკილი იყო საეჭვო “მკურნალებთან” და “წინასწარმეტყველებთან” მეგობრობისკენ. მანამდე ის ფრანგ შარლატანს უჯერებდა, რომელიც თავს გაცხადებულ მოციქულს უწოდებდა, შემდგომში ამ უკანასკნელს (როგორც მახსოვს) ქურდობაზე წაასწრეს და იმპერატორის კარს მოაშორეს.
რასპუტინმა უცებ მოხიბლა ალექსანდრაც და მისი ბანოვანნიც. გაზეთები ჭორებს წერდნენ, აქაოდა დედოფალი სხვაგვარადაც სწყალობს ციმბირელ შარლატანსო (რაც თანამედროვე კვლევებით არანაირად არ დასტურდება). ფაქტია, რომ საიმპერატორო კარზე გრიგორი ძალიან გავლენიანი კაცი გახდა.
ყველაფერი კი მარტივი ამბით დაიწყო – ნიკოლოზის უმცროს შვილს ჰემოფილია ჰქონდა. რასპუტინმა ექიმებს აუკრძალა ყველანაირი წამლის მიცემა ბავშვისთვის, რათა საკუთარი “ღვთაებრივი ძალით” განეკურნა.
განკურნება მოხდა, მაგრამ ამის მიზეზი ბანალური იყო – ბავშვს მაშინდელი ინოვაციური პრეპარატით, ასპირინით მკურნალობდნენ, თანამედროვე კვლევებმა კი აჩვენეს, რომ ასპირინის მიღება ჰემოფილიის დროს სასტიკად იკრძალება.
ამბობენ, რომ გრიგორიმ საკუთარი სიკვდილი და საიმპერატორო კარის აღსასრული იწინასწარმეტყველა. სიკვდილი კი მართლაც უცნაური ჰქონდა – მისცეს ციანიდის დიდი დოზა, რამაც არ იმოქმედა, მკვლელებს მისი იარაღით მოკვლა და ნევაში გადაგდება მოუხდათ.
ამ სიკვდილზეც საინტერესო “დამთხვევებია”. ერთი, რომ ციანიდი ცუდად მოქმედებს ტკბილთან ერთად, რასპუტინს კი, ზოგი ვერსიით, დიაბეტი ჰქონდა, მაგრამ უზომოდ უყვარდა ტკბილეულის ჭამაც.
მეორე ის, რომ (ეს ვერსია ქიმიის მასწავლებელმა მითხრა მეცხე კლასში, იმედია, სანდოა) ციანიდს აქვს უცნაური თვისება – ის კლავს ცოტა, რაღაც რაოდენობის მერე კი, უკუქმედება ახასიათებს. მკვლელებმა გადაწყვიტეს, ცხენივით ჯანმრთელი რასპუტინისთვის ათმაგი დოზა მიეცათ და ამიტომ არ იმოქმედაო.
სულ ახლახან, წავიკითხე, რომ რასპუტინის სიკვდილს ბრიტანულ “სკოტლანდ იარდსაც” უკავშირებდნენ. ფელიქს იუსუფოვს განათლება ბრიტანეთში მიუღია და იქ მოხდა მისი გადაბირებაო. სიკვდილის დღეს მისი სტუმარი ყოფილა ინგლისელი “ჯაშუში”, რომელიც მერე ამბიდან სრულიად გაქრა.
მოკლეს რასპუტინი და სამეფო ოჯახიც მოკლეს, თუმცა საიმპერატორო კარის ამოძირკვის ისტორია ცალკე დიდი ამბავია, 2-საუკუნოვანი “სპეცოპერაცია” – დაშალე დიდი რუსეთი.
მოამზადა გურამ მეგრელიშვილმა