ჰიუ ჰერის ისტორია – უფეხო მთამსვლელი, რომელიც ქვაზე უფრო მაგარი აღმოჩნდა

ბევრი ჩვენგანი ცხოვრებისეულ სირთულეებთან შეჯახებისას საკუთარ თავს ეკითხება – „რატომ მე?“. ამერიკელი ჰიუ ჰერის ამბავი გვიჩვენებს, რომ ბედის დარტყმებს არა მხოლოდ ღირსეულად უნდა გაუძლო, არამედ სხვებზე პასუხისმგებლობის აღებაც შესაძლებელია. ახალგაზრდობაში ორივე ფეხი დაკარგა, თუმცა არა მხოლოდ არ მიატოვა კლდეების დაპყრობა, არამედ სხვებსაც დაეხმარა ოცნების რეალიზებაში, რომელიც აქამდე უიმედოდ ეჩვენებოდათ.

ჰიუ ჰერი დაიბადა 1964 წელს ქალაქ ლანკასტერში, აშშ-ში. მისი მშობლები პროფესიულად იყვნენ დაკავებულები მთამსვლელობით, ამიტომ ბიჭის ბედიც უკვე განსაზღვრული იყო. 8 წლის ასაკში ჰიუმ მთა ტემპლი დაიპყრო, რომელიც 3544 მეტრის სიმაღლისაა. 10 წლის ასაკში ჰერი ამერიკის ერთ-ერთ პერსპექტიულ სპორტსმენად ითვლებოდა.

1982 წელს ახალგაზრდა მეკლდეურს უბედურება შეემთხვა. 17 წლის გერი მეწყვილესთან ერთად მთაზე ადიოდა, რა დროსაც თოვლიან ქარიშხალში მოყვა. ორმა სპორტსმენმა უამრავი საათი გაატარეს კლდეზე ჩამოკიდებულებმა ყინვასა და ქარიშხალში. ისინი გადაარჩინეს, მაგრამ ჰიუს ფეხები მოეყინა, რასაც მუხლს ქვემოთ ამპუტაცია მოჰყვა.

საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ჰიუ ჰერიმ ახალი მსვლელობის დაგეგმვა დაიწყო. მან პროთეზების მრავალი მოდელი შეისწავლა იმ იმედით, რომ თავის ფეხებს მაქსიმალურად დაუბრუნებდა მოქნილობას. სამწუხაროდ, 80-იანი წლების პროთეზები ბიჭს ვერაფერს სთავაზობდა. ამიტომაც, ჰერიმ გადაწყვიტა, საკითხი თავად მოეგვარებინა.

რთული გზა ოცნებამდე

უნივერსალური პროთეზის შესაქმნელად, სკოლის განათლება საკმარისი არ იყო, ამიტომ ჰერიმ მილერსვილის უნივერსიტეტი დაამთავრა, შემდეგ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ბოლოს კი, ჰარვარდი. საბოლოო ჯამში, ჰიუ დოქტორის ხარისხის მფლობელი გახდა ფიზიკაში და რაც მთავარია, დიდი ცოდნის პატრონი, რომელიც მიზნის მისაღწევად სჭირდებოდა.

მიზანი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და არც ისე ადვილი. ჰერიმ გადაწყვიტა ბიომექანიკური პროთეზების შექმნა, რომელიც ფეხმოკვეთილი ადამიანებისთვის სრულყოფილი ცხოვრების დაბრუნებას შეძლებდა. თავად მას არ მიუტოვებია მეკლდეურობა და გამოიგონა სპეციალიზებული პროთეზების მთელი სერია სხვადასხვა სირთულის ტრასებისთვის.

ერთ-ერთი გამოსვლის დროს ჰერიმ თავისი მუშაობის შესახებ ასე თქვა:

„ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, იცხოვროს მძიმე დეპრესიის გარეშე, დაინახოს თავისი ახლობლები, მიუხედავად იმისა, რომ მან მხედველობა დაკარგა და იცეკვოს ამპუტაციის შემდეგაც კი. ჩვენ შეგვიძლია ასეთ სიმაღლეებს მივაღწიოთ, თუკი მივიღებთ იმ ფაქტს, რომ ადამიანს არ შეუძლია იყოს არასრულფასოვანი. არასრულფასოვანია მხოლოდ ჩვენი ტექნოლოგიები. ბიონიკის დახმარებით, ჩვენ შევძლებთ ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოვუღოთ შეზღუდულ შესაძლებლობებს“.

ჰიუ ჰერი უკვე დაეხმარა ათასობით ადამიანს ნორმალურ ცხოვრებაში დასაბრუნებლად, მაგრამ არ არის კმაყოფილი თავისი მუშაობით და თვლის, რომ მხოლოდ ამ გზის დასაწყისში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები