მთვარეულობა – სავსე მთვარის მიზიდულობა თუ ძილის ფაზის დარღვევა
მთვარეულობა, ძილში სიარულის ფენომენი ან, როგორც ახლა უფრო ხშირად უწოდებენ, სომნამბულიზმი, ცნობილი იყო უძველესი დროიდან. უძველესი რწმენის თანახმად, სავსე მთვარე იზიდავს მძინარეებს. სწორედ ის აიძულებს მათ, გაღვიძების გარეშე იარონ სახურავებზე და სასწაულებრივად შეინარჩუნონ წონასწორობა. თუმცა, თანამედროვე კვლევებმა აჩვენა, რომ მძინარეებს არ აქვთ კავშირი ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის ფაზებთან. შესაძლოა, მათი შემჩნევა უფრო ადვილია ნათელ მთვარეზე, ვიდრე მოღრუბლულ, უმთვარეო ღამეში, ამიტომაც ჩამოყალიბდა ეს აზრი.
როგორც ალბათ ბევრს გაუგია, ასეთ შემთხვევებში, ჩვეულებრივ, ურჩევენ, არავითარ შემთხვევაში არ გააღვიძონ მძინარე ადამიანი: ეს საშიშია და შესაძლოა, ზიანი მიაყენოს მას. სინამდვილეში, აღნიშნული მთლად სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა, უდავოა, ასეთ მომენტში მძინარე ადამიანისთვის უსიამოვნო იქნება გაღვიძება.
სამედიცინო საცნობარო წიგნები განსაზღვრავს სომნამბულიზმს, როგორც სიზმარში რთული, კოორდინირებული და მნიშვნელოვანი მოქმედებების შესრულების უნარს, რის შემდეგაც, გაღვიძებისთანავე, მთლიანად ავიწყდებათ ყველაფერი. ეს ფენომენი არც ისე იშვიათია: სტატისტიკის მიხედვით, მათი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში, სომნამბულისტები შეიძლება იყვნენ მოზრდილების 1 პროცენტი და ბავშვების 6 პროცენტი.
მაგალითად, ერთი ამერიკელი სტუდენტი ღამით გაღვიძების გარეშე დგებოდა, იცვამდა და მიდიოდა მდინარეზე, რომელიც კილომეტრზე მეტი მანძილით იყო დაშორებული მისი სახლისგან. იქ იხდიდა, ნელა ბანაობდა, ისევ იცვამდა და გაუღვიძებლად ბრუნდებოდა საწოლში.
ერთმა გერმანულმა ოჯახმა, რომელიც შედგებოდა მამის, დედის, ბებიის, ბაბუისა და ორი შვილისგან, შეამჩნია, რომ დილით სახლში რაღაც-რაღაცები არ იდო იქ, სადაც საღამოს ტოვებდნენ. ვარაუდებს დასასრული არ ჰქონდა, სანამ ერთ მშვენიერ ღამეს მთელი ოჯახი არ გამოფხიზლდა გადაყირავებული სკამის ხმაზე, რომელიც შემთხვევით შვილს დაუვარდა. ოჯახის წევრებმა მოულოდნელად მისაღებში მაგიდასთან გაიღვიძეს. ყველა მთვარეული აღმოჩნდა.
ძილში სიარულის ყველაზე გასაოცარ შემთხვევად ითვლება ინციდენტი, რომლის შესახებაც დაიწერა ინგლისურ გაზეთებში 1983 წლის დეკემბერში. პორტსმუტის მკვიდრი 3:30-ზე სატელეფონო ზარმა გააღვიძა. ეს იყო მისი თხუთმეტი წლის ვაჟი, რომელსაც მოულოდნელად გაეღვიძა საუთჰემპტონში, საოჯახო მანქანის მართვის დროს. მამამ პოლიცია გამოიძახა, თხუთმეტი წუთის შემდეგ კი, პოლიციელებმა მანქანასთან ღამის პერანგში გამოწყობილი, სრულიად დაბნეული მოზარდი იპოვეს. ძილში ის ჩავიდა მანქანასთან, დაძრა და გაღვიძების გარეშე, თითქმის 45 კილომეტრი უპრობლემოდ გაიარა საუთჰემპტონამდე.
ძილის დროს სიარული ქცევითი აშლილობაა, რომელიც აღინიშნება ძილის დროს. ყველაზე ხშირად გამოვლენილია 3-დან 8 წლამდე ბავშვებში. ძილში სიარული მემკვიდრეობითია და ჩვეულებრივ, სპონტანურად ქრება მოზარდობის პერიოდში.
ძილში სიარულის მიზეზები დეტალურად არ არის შესწავლილი. ზოგჯერ ეს მდგომარეობა დაკავშირებულია რაიმე სერიოზულ თანმხლებ სომატურ ან ფსიქიკურ პრობლემებთან.
ექსპერტების აზრით, თუ ბავშვის ერთ-ერთ მშობელს აწუხებდა სომნამბულიზმი, ალბათობა იმისა, რომ ეს აშლილობა მასში გამოვლინდეს, 45%-ია, ხოლო ორი მშობლის სომნამბულიზმი ამ ალბათობას 60%-მდე ზრდის.
ეს იმაზე მეტყველებს, რომ აშლილობას აქვს გენეტიკური კომპონენტი, მაგრამ გამოამჟღავნებს თუ არა საკუთარ თავს, ეს გარე ფაქტორებზეცაა დამოკიდებული.
ქალებში სომნამბულიზმის ეპიზოდები იცვლება ჰორმონალური ფონის მიხედვით. ასეთი ეპიზოდის ალბათობა გაცილებით მაღალია მენსტრუალური ციკლის ბოლოს. ორსულობის დროს ქალებში, რომლებსაც ადრე აწუხებდნენ ძილში სიარული, ასეთი ეპიზოდები, როგორც წესი, ჩერდება.