იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილება დაჩქარებული წესით განიხილა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილება. ახალი ცვლილებით კოდექსის ნორმები შესაბამისობაში მოდის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან – „გია ფოლადიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”.
როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, ცვლილებები კოდექსის 186-ე და 187 მუხლებს ეხება.
„ცვლილება ეხება შესაძლებლობას, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის არაარსებითი პირობების შემთხვევაში, სასამართლომ მოსარჩელეს მისცეს დავალება დარღვევის აღმოფხვრის შესახებ, რომელიც არ შეიძლება 10 დღის ვადას აღემატებოდეს. ამ განჩინების გასაჩივრება დაუშვებელია. თუკი ამ ვადაში არ გამოსწორდება დარღვევა, მიღებული იქნება განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ”, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
კანონპროექტით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას, რომელშიც უნდა მიეთითოს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ყველა საფუძველი. ასევე, კოდექსს ემატება ნორმა, რომლის თანახმად: იმავე სარჩელით სასამართლოსთვის განმეორებით მიმართვის შემთხვევაში, დაუშვებელია სარჩელის მიღებაზე უარის თქმა იმგვარი საფუძვლით, რომელიც მითითებული არ ყოფილა სარჩელის მიღებაზე უარის თქმის განჩინებაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი საფუძველი წარმოიშვა სარჩელის უარის თქმის შესახებ განჩინების გამოტანის შემდეგ.