როგორ გადაიქცა იაპონია ღატაკობიდან „სონისა“ და „ტოიოტას“ სამშობლოდ

იაპონია მეცხრამეტე საუკუნემდე იყო ორი სხვადასხვა კასტის თანაცხოვრების ქვეყანა, სადაც გლეხი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. ქვეყნის 75-80%-ს პირდაპირ მიწაზე ეძინა და მათი სოციალური მდგომარეობა იყო სავალალო.
სამურაის რომ ხმალს გამოუჭედავდნენ, შეეძლო ქუჩაში გაეჩერებინა გლეხი და გამოსაცდელად თავი, კიდურები წაეკვეთა. მმართველი კლასი კი გადასახადებით, ფაქტობრივად, არსებობის ზღვარზე აცხოვრებდა მოსახლეობის დიდ ნაწილს.
ვფიქრობდი, რა საიდუმლო რეცეპტი მოძებნა ამ ქვეყანამ, რომ, აი, ამ უკიდურესი სიღატაკიდან გადაიქცა „სონის“, „ტოიოტას“ და რობოტექნიკის სამშობლოდ. რა იყო ის მთავარი, რამაც, ასეთი დიდი წინსვლით, იაპონელები სამეული ქვეყნების მუდმივ წევრებად აქცია?
ცხადია, ინდუსტრიალიზაციის გზაზე დადგომა მთავარი იყო, მაგრამ უმთავრესი მაინც ხასიათის გარკვეული შტრიხების გამომუშავება მგონია.
ამის საილუსტრაციოდ გამოდგება რამდენიმე მნიშვნელოვანი რაღაც:
1: იაპონელებმა საკუთარი წარსული სამუზეუმო ექსპონატად აქციეს, ყოველდღიურობაში კი არ ტენიან “ჩოხა-ახალუხს”, არამედ უფრთხილდებიან, როგორც წარსულის მონაპოვარს;
2: აფასებენ ადამიანებს, რომლებიც ერთ სფეროში დიდი ხანია მუშაობენ და მათ გამოცდილებას გონივრულად იყენებენ, როგორც ლოკომოტივს;
3: მუდმივად მუშაობენ სიახლეზე და ინოვაციაზე;
4: არიან საოცრად გუნდური ტიპები და ინდივიდუალიზმი მხოლოდ გუნდურობის ნაწილად აქვთ მოაზრებული. წევრი, როგორც მხოლოდ ნაწილი, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანი, ვინც შეცვლადია და აუცილებლად შეცვლადი (საუკეთესო მაგალითია 2002 წლის ჩემპიონატი, როცა ორმა ფეხბურთელმა შეცვლა მოითხოვა და მიზეზი იყო ის, რომ ჩათვალეს, მათზე უკეთესი შედეგის მომტანი იჯდა სკამზე).
5: წესრიგისადმი მორჩილება კულტურის დონეზე (მარტივ მაგალითად, გვირაბში საცობის დროს, მანქანებს აქრობენ ან გადაჰყავთ EV Mode-ზე, რომ გამონაბოლქვით საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობა არ დააზიანონ. სკოლაში დაწყებით კლასებშივე ასწავლიან ამას და ჩვევაში უმუშავებენ შვილებს);
6: წარსულის იდეალიზაციაზე უარის თქმა და მომავალზე ორიენტაცია (ამავე დროს, კულტურული მემკვიდრეობის საოცარი დაცვა, როგორც პატივისცემა წინაპრების დანატოვარისა, რასაც თავის ადგილი აქვს);
7: საკუთარ შეცდომებზე სწავლა და არა ვაი-ვიში. თვითგვემაზე უარის თქმა;
8: ეთნიკური შიშებისგან გათავისუფლება და იმგვარი მტრის ხატის შექმნაზე უარი, ვისაც ყველა წარუმატებლობას დააბრალებ;
9: ზიზღის ენის 0-მდე დაყვანა (მიუხედავად იმისა, რომ ძალადობა იაპონიაში კულტურის ნაწილია);
10. შრომა, შრომა, შრომა (ენციკლოპედიაში გაჩნდა ტერმინი: შრომით სიკვდილი და ეს იაპონელ „ობივატელს“ ეხება);
11: განათლება, განათლება, განათლება (სახელმწიფომ და ოჯახმა იცის, რომ ეს უმთავრესი მომენტია იმისთვის, რომ მონსტრ სამეზობლოში გადარჩე და დაიმკვიდრო ადგილი);
12: პერფექციონიზმი. ძნელია მოძებნო უფრო მეტად პერფექციონისტი ეთნოსი, ვიდრე იაპონელები არიან. არასოდეს მიაფუჩეჩებენ საქმეს. ამასთანავე, ნებისმიერი იაპონური ბრენდი, უპირველესად საკუთარ ქვეყანასაც წარმოადგენს, როგორც ბრენდს და აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა;
13: თავდაჯერება, რასაც საქმე უმაგრებს ზურგს. და ეთნიკურ და რელიგიური საკითხებით კი არ კეკლუცობენ, საშუალებასაც არავის აძლევენ (მაგალითად, პოლიტიკოსებს) ამ საკითხებით მანიპულაციის.
სია გრძელი შეიძლება იყოს.

წყარო: გურამ მეგრელიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები