პოლ მაკარტნიმ „ბითლზის ბოლო სიმღერა“ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ჩაწერა
სერ პოლ მაკარტნიმ განაცხადა, რომ მან შეძლო „ბითლზის უკანასკნელი სიმღერის“ შექმნა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.
როგორც მუსიკოსმა BBC-ის რადიო გადაცემა Today-სთან მიცემულ ინტერვიუში განმარტა, ტექნოლოგია გამოიყენეს ჯონ ლენონის ხმის „ამოსაღებად“ ძველი დემოდან, რის შემდეგაც მან შეძლო სიმღერის დასრულება.
„ჩვენ ახლახან დავასრულეთ, ის წელს გამოვა“, – დასძინა მაკარტნიმ.
მაგრამ მან არ დააკონკრეტა, თუ რა სიმღერაა, სავარაუდოდ, ეს არის 1978 წლის ლენონის კომპოზიცია, სახელწოდებით – Now And After (მაშინ და ახლა).
ის უკვე იყო კვარტეტის „გაერთიანების სიმღერის“ პრეტენდენტი 1995 წელს, როდესაც „ბითლზებმა“ შეასრულეს სიმღერები თავიანთი კარიერული კრებულისთვის Anthology.
მაკარტნიმ დემო-ფირი მიიღო ლენონის ქვრივისგან, იოკო ონოსგან ერთი წლით ადრე, სანამ ის, ჰარისონი და რინგო სტარი დაიწყებდნენ მუშაობას „ანთოლოგიაზე“.
ეს იყო ერთ-ერთი სიმღერებიდან For Paul-ის კასეტაზე, რომელიც ლენონმა ჩაწერა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 1980 წელს.
ეს სიმღერები ძირითადად ჩაწერილი იყო „ბუმბოქსზე“, როდესაც ლენონი ფორტეპიანოზე უკრავდა ნიუ-იორკში, თავის ბინაში.
შემდგომში ჩაწერილი პროდიუსერ ჯეფ ლინის დახმარებით, ამ სიმღერებიდან ორი – Free As A Bird და Real Love – გამოვიდა 1995 და 1996 წლებში და გახდა „ბითლზების“ პირველი „ახალი“ მასალა 25 წლის განმავლობაში. ჯგუფმა ასევე სცადა ჩაეწერა Now And Then, სასიყვარულო სიმღერა, რომელიც საკმაოდ დამახასიათებელი იყო ლენონის შემდგომი კარიერისთვის, მაგრამ იმ დროს არაფერი გამოვიდა.
როგორც ლინი იხსენებს, ჯგუფმა სიმღერაზე რამდენიმე საათი იმუშავა, მაგრამ მუსიკოსები სწრაფად მიხვდნენ, რომ მასალა არ იყო საკმარისი.
„სიმღერას ჰქონდა გუნდი, მაგრამ ლექსების მხრივ ბევრი არ იყო. ჩვენ ჩავწერეთ აკომპანიმენტი, უხეში ჩანახატი, რომელიც არასდროს დაგვიმთავრებია.”
მოგვიანებით, პოლ მაკარტნიმ თქვა, რომ ჯორჯ ჰარისონმა მაშინ ჯონის ვოკალური ჩანაწერის ხარისხს “ცუდი” უწოდა და ამის გამო უარი თქვა სიმღერაზე მუშაობაზე. 2009 წელს გამოვიდა ამ დემოს ახალი ვერსია ფონური ხმაურის გარეშე მეკობრულ დისკზე. თაყვანისმცემლები ვარაუდობენ, რომ ეს ჩანაწერი 1995 წელს არ იქნა ნაპოვნი – და შესაძლოა, ის ლენონის ბინიდან სხვა პირად ნივთებთან ერთად მისი გარდაცვალების შემდეგ მოიპარეს.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პოლ მაკარტნიმ არაერთხელ ისაუბრა სიმღერის დასრულების სურვილზე.
„მე ჯერ კიდევ ვფიქრობ ამაზე“, – თქვა მან BBC-ის დოკუმენტურ ფილმში ჯეფ ლინზე 2012 წელს.
როგორც ჩანს, ახლა ტექნოლოგიურმა პროგრესმა მუსიკოსს ამის საშუალება მისცა.
გარდამტეხი მომენტი იყო პიტერ ჯექსონის დოკუმენტური ფილმი – „დაბრუნდი“, რომელშიც დიალოგის მონტაჟის სპეციალისტი, ემილ დე ლა რეი, ასწავლიდა კომპიუტერებს „ბითლზის“ ხმების ამოცნობას და მათ განცალკევებას ფონური ხმაურისა და ინსტრუმენტებისგან, რათა ამოეღოთ მკაფიო ხმა.
იმავე პროცესმა მისცა პოლს „დუეტი“ შეესრულებინა ლენონთან მის ბოლო ტურნეზე და დაეხმარა ახალი გარსული ხმის მიქსების შექმნას Beatles-ის Revolver ალბომისთვის, რომელიც ხელახლა ჩაწერილი იყო გასულ წელს.