დედამიწის სიღრმეში აღმოჩენების გასაკეთებლად, ჩინეთმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ჭაბურღილის ბურღვა დაიწყო
ჩინეთმა დაიწყო ყველაზე ღრმა ჭაბურღილის გათხრა პლანეტის ზედაპირის ღრმად მდებარე ტერიტორიების შესასწავლად.
ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს ცნობით, ბურღვა სამშაბათს, 6 ივნისს დაიწყო ტარიმის აუზის უდაბნოში, ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში, სინძიანში. 11,100 მეტრის დაგეგმილ სიღრმეზე, ვიწრო ლილვი გაივლის 10-ზე მეტ კონტინენტურ ფენას და მიაღწევს ცარცული ქერქის სისტემას, ფენიანი ქანების სერიას, რომელთა ასაკი 145 მილიონი წელია.
პროექტი, სავარაუდოდ, დასრულდება 457 დღეში და ჩინეთის სახელმწიფო მედიამ ეს პროექტი შეაფასა, როგორც „ეტაპი ჩინეთის მიერ დედამიწის სიღრმეების შესწავლაში“.
„ღრმა საძიებო ჭა მეცნიერებს საშუალებას მისცემს, შეისწავლონ დედამიწის შიდა სტრუქტურა და ევოლუცია, ასევე, მიაწოდონ მონაცემები გეოლოგიური და გეოფიზიკური კვლევებისთვის“, – განაცხადა ჩინეთის ნაციონალური ნავთობის კორპორაციამ, ქვეყნის წამყვანმა ნავთობისა და გაზის მწარმოებელმა, რომელიც ხელმძღვანელობდა პროექტს.
ოპერაციაში მონაწილე ტექნიკურმა ექსპერტმა, ვან ჩუნსჰენგმა აღწერა ეს, როგორც გაბედული მცდელობა დედამიწის გამოუცნობი ტერიტორიის შესწავლისა და ადამიანის აღქმების საზღვრების გაფართოების შესაძლებლობა.
თუმცა, ეს ადვილი არ იქნება: „ბურღვის პროექტის აგების სირთულე შეიძლება შევადაროთ დიდი სატვირთო მანქანის მართვას ორ თხელ ფოლადის კაბელზე“.
მაგრამ ადამიანებს უფრო ღრმა ხვრელიც გაუთხრიათ. მათ შორის არის კოლის სუპერ ღრმა ჭაბურღილი რუსეთში, რომლის სიღრმეც 12 262 მეტრია და ალ-შაჰინის ნავთობის საბადო კატარში, რომელიც 12 290 მეტრზეა გათხრილი.
რუსეთის გეგმა იყო მიწაში 15 კმ-ის გაბურღვა. თუმცა, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ჯერ ერთი, აღმოჩნდა, რომ სიღრმესთან ერთად ტემპერატურა მოსალოდნელზე ბევრად სწრაფად გაიზარდა. მეორეც, საბურღი უნდა შეიცვალოს მუშაობის რამდენიმე ათეულ საათში ერთხელ. მესამე, როდესაც ის ამოიღეს, ხვრელი კვლავ ჩაიკეტა.
ჭაბურღილის შესახებ ჩინეთი ბევრს არაფერს ამხელს; არც იმას ამბობს, რა სახის ექსპერიმენტებს და ანალიზებს ჩაატარებს გათხრების დასრულების შემდეგ, მაგრამ შესაძლოა, დადასტურდეს ის წარმოდგენები, რაც დედამიწის ქერქის შესახებ გვაქვს. კონტინენტური ქერქის სისქე დაახლოებით 30 კილომეტრია, ამიტომ, ხვრელი მანტიამდე ვერ ჩავა.
კერძოდ, სინძიანის რეგიონი ცნობილია, რომ მდიდარია მინერალებითა და ნავთობით. გასულ თვეში, Sinopec-მა, ჩინეთის უმსხვილესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, აღმოაჩინა ნავთობისა და გაზის მნიშვნელოვანი ნაკადები ტარიმის აუზის საძიებო ჭაში, ზედაპირიდან 8500 მეტრზე მეტ სიღრმეზე.