პროექტი „ჩვენი ჯარი“ უმაღლეს სასწავლებლებში გრძელდება

სკოლებში წარმატებით განხორციელების შემდეგ, პროექტი „ჩვენი ჯარი“ საქართველოს მასშტაბით აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარეობს. დღეს თავდაცვის ძალების ოფიცრები და სერჟანტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და თავდაცვის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრნენ, – ამის შესახებ  ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„სტუდენტები თავდაცვის ახალი კოდექსით დაგეგმილ სიახლეებსაც გაეცნენ, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. მათ ინფორმაცია მიიღეს როგორც პროფესიული სამხედრო სამსახურის, ასევე სავალდებულო სამხედრო სამსახურისა და რეზერვის სახეების შესახებ.

ახალგაზრდებს ჯარისკაცებისთვის მათთვის საინტერესო ნებისმიერი კითხვის დასმისა და ამომწურავი პასუხის მიღების, ასევე, საკუთარი შეხედულებების გამოხატვის შესაძლებლობა ჰქონდათ.

სამხედრო მოსამსახურეებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილთან შეხვედრა უკვე გამართა. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ეტაპობრივად აღნიშნული სასწავლებლების სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდებიან. თავდაცვის უწყება პროექტს „ჩვენი ჯარი“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს და ახალგაზრდებში თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტი 2023-2024 სასწავლო წელსაც გაგრძელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები