ირაკლი ჩიქოვანი ჩეხეთის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ირაკლი ჩიქოვანი ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის და დეპუტატთა პალატის ევროკავშირისა და ევროპულ საკითხთა კომიტეტების დელეგაციის წევრებს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-ჩეხეთის ორმხრივ ურთიერთობებზე, მათ შორის, საპარლამენტო კავშირებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე, ასევე, ევროინტეგრაციაზე.
„ვისაუბრეთ ჩვენ ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე, სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით არსებულ დინამიკაზე, ასევე, განვიხილეთ ჩეხეთის რესპუბლიკის და საქართველოს რეგიონებს შორის ურთიერთკავშირების შესაძლებლობა. ყურადღება ასევე დაეთმო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საკითხს. მნიშვნელოვანია, რომ მათ აღგვითქვეს მხარდაჭერის პირობა – ჩეხეთი მხარს დაუჭერს საქართველოს კანდიდატის სტატუსს”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ირაკლი ჩიქოვანმა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები: თეონა აქუბარდია, გელა სამხარაული, ლევან ქარუმიძე და გრეტა წიწავა.