იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილება განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილება, რომელიც კანონით გათვალისწინებული სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების ახლებურად მოწესრიგებას შეეხება.

პარლამენტის ინფორმაციით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომაზე წარადგინა 12-პუნქტიანი ცვლილებები, რომელიც მომზადებულია კანონპროექტის ინიცირებულ ვერსიასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე. მისი თქმით, პირველი რეკომენდაცია უკავშირდება სასამართლო კორპორატივიზმის პრობლემას. ამ საკითხის გადასაჭრელად პროექტში ჩაიწერა, რომ რომელიმე სამთვიან პერიოდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხზე მეტი მოსამართლე-წევრის არჩევა დაუშვებელია.

მეორე საკითხი ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისკვალიფიცირებული წევრის ხელახალი წარდგინების მიღების პროცედურაში მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხს. წარდგენილი ცვლილების თანახმად, თუ საკვალიფიკაციო პალატა დაადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთან მიმართებაში მიკერძოებას ან უფლებამოსილების გადამეტებას, ამ შემთხვევაში ამ წევრის მიერ გაკეთებული შეფასებები ანულირდება სრულად და ის აღარ მიიღებს მონაწილეობას ხელახალი განკარგულების გამოცემის ეტაპზე. მესამე რეკომენდაციის გათვალისწინების შედეგად, პროექტში ჩაიწერა, რომ თუ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმდენი წევრის დისკვალიფიკაცია მოხდება რომ საბჭო გადაწყვეტილების მიღების უნარი აღარ იქნება, კანდიდატის შერჩევის პროცედურა ხელახლა დაიწყება.
სხვა ცვლილებები შეეხება: ჩანაწერს სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ, მიმდინარე კონკურსის ფარგლებში მოსამართლის სხვა ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის საკითხს, მოსამართლეთა საქმიდან ჩამოცილების გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის ვადების გაზრდას, მოსამართლისთვის საქმიდან ჩამოცილების პერიოდში ხელფასის შენარჩუნების საკითხს, დისციპლინური გადაცდომის – პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების მომენტის ნათლად განსაზღვრას და ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას. ანრი ოხანაშვილმა პოლიტიკურ ჯგუფებს შესთავაზა ხვალ მონაწილეობა მიიღონ სასამართლო რეფორმის საკითხზე დაგეგმილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, სადაც წარდგენილ ცვლილებებზე დისკუსია გაიმართება.
„საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილმა სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების ფარგლებში მოამზადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები