რისთვის ჩასვეს ციხეში „სისხლიანი” განგსტერი ალ კაპონე


1932 წელს აშშ-ის სასამართლომ ცნობილ ამერიკელ განგსტერს, ალფონს კაპონეს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ქვეყანაში მაშინ ყველამ იცოდა, რომ კაპონე „სისხლიანი“ მაფიოზია, ხოლო ის თავს ანტიკვარული ავეჯის მოვაჭრედ ასაღებდა. პოლიციას არ ჰყოფნიდა მტკიცებულებები, რათა დიდი ხნით გამოეკეტათ ის ციხეში. კაპონეს დიდძალი ქონება ჰქონდა და ეს საშუალებას აძლევდა, ბევრი ვინმე მოესყიდა, ჰყოლოდა საუკეთესო ადვოკატები და ფული გადაეხადა PR კამპანიაში.

ის ბევრჯერ დააკავეს ალკოჰოლური სასმელების კონტრაბანდისთვის, სუტენიორობისთვის და აზარტული თამაშებისთვის, მაგრამ ეს საქმეები სასამართლომდე არასდროს მისულა. მოწმეები ქრებოდნენ, ხოლო დამნაშავეს ყოველთვის ჰქონდა ალიბი. მას შემდეგ, რაც წმინდა ვალენტინის დღეს  კაპონეს ხელქვეითებმა 7  კონკურენტი მოკლეს ალკოჰოლურ ბიზნესში, მას მუდამ სდევდა იარლიყი – „საზოგადოების მტერი N1“.
პრეზიდენტი ჰერბერტ ჰუვერი მიიჩნევდა, რომ კაპონე – წარმოშობით იტალიელი – ამერიკას შეურაცხყოფას აყენებდა მისი კანონების უგულებელყოფით. მან განკარგულება გასცა, ნებისმიერი გზით მოეპოვებინათ კაპონეზე უპირატესობა.

შეიქმნა საგადასახადო სპეციალისტების მთელი ჯგუფი, რომელიც დღე და ღამე განგსტერზე კომპრომატს აგროვებდა. ათობით ექსპერტის მუშაობის შედეგად, მოხდა მთელი მისი ქონების შეფასება და განგსტერს გადასახადების თავიდან არიდებაში დასდეს ბრალი. სასამართლო სხდომის წინა დღეს სრულიად შეიცვალა ნაფიც მსაჯულთა მთელი შემადგენლობა, რათა მოსყიდვა და დაშინება შეუძლებელი ყოფილიყო.

შედეგად, კაპონეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა და კიდევ ერთი წელი მოსამართლემ მას სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამო დაუმატა.

სასჯელის დიდი ნაწილი განგსტერმა ცნობილ ალკატრასის ციხეში მოიხადა, საიდანაც უკვე ყოფილი მაფიოზი სრულიად გაღატაკებული გამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები