გატაცებული ქართველები ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში რჩებიან
ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში რჩებიან ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფლებიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქეები.
მეჯვრისხევიდან, ჯარიაშენიდან და კირვალიდან გატაცებულები, ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან. ოჯახის წევრებს დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ, ცხინვალიდან მათ არავინ დაკავშირებია.
ერთ-ერთი გატაცებულის ოჯახის წევრი აცხადებს, რომ მეჯვრისხევიდან და ჯარიაშენიდან დაკავებულების გათავისუფლების სანაცვლოდ ჯარიმის თანხა იმ ოჯახმა გადაიხადა, რომლის ნაკვეთშიც მუშაობდნენ.
რაც შეეხება კირბალიდან გუშინ გატაცებულ მამუკა სამხარაძეს, ოჯახს მის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ოთხივე მათგანი შეიარაღებულმა პირებმა სოფლის ტერიტორიაზე დააკავეს, ისე, რომ მათ პირობითი საზღვარი არ გადაუკვეთავთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა, საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ისინი უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს.
უწყება დაკავებულების დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვს.