რუსეთის სპეცსამსახურების მტკიცებით, ანექსირებულ ყირიმში ტერაქტების სერია აღკვეთეს, რომელსაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო გეგმავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ФСБ-ს პრესსამსახური ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ სამიზნეებს შორის იყო “რესპუბლიკის ხელმძღვანელი, სერგეი აქსიონოვი, პარლამენტის თავმჯდომარე და ქალაქ იალტის მერი, ისევე, როგორც ნახევარკუნძულის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ელემენტები”.
მათი მტკიცებით, “თავდასხმების უშუალო ორგანიზატორია სამხედრო დაზვერვის რეზერვის ოფიცერი, 1976 წელს დაბადებული – რომან მაშოვეცი, რომელიც 2020 წლიდან უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილედ მუშაობდა”.
ასევე, დაზვერვის ჯგუფში შედიოდნენ “მაშოვეცის მიერ გადაბირებული რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები: ვიქტორ პოდვალნი, ალექსანდრე ლიტვინენკო, სერგეი კრივოშეინი, კონსტანტინე ევმენენკო, იგორ ზორინი და სერგეი ვოინაროვსკი. ისინი ტერაქტებს გეგმავდნენ, უთვალთვალებდნენ ოფიციალურ პირებს და ცეცხლსასროლ იარაღს ყიდულობდნენ”. გარდა ამისა, FSB-მ დააკავა უკრაინისა და ბულგარეთის მოქალაქე, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებების მიწოდებაში მონაწილეობდა.
რუსეთის კონტრდაზვერვის ინფორმაციით, “უკრაინის სპეცსამსახურებს საყოფაცხოვრებო ელექტრო ღუმელების საფარ ქვეშ, ტერიტორიაზე ბომბის კომპონენტები შეჰქონდათ ბულგარეთიდან თურქეთისა და საქართველოს გავლით”.
ბულგარეთში საქონლის გადაზიდვას კოორდინაციას უწევდა უკრაინის მოქალაქე, მარინა მატუშჩაკი, შემდგომ უკრაინის მოქალაქეებმა, დენის სმირნოვმა და ვლადისლავ სარაფინჩანმა ისინი ბულგარეთის მოქალაქეს გადასცეს.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ჩხრეკისას ამოღებულია “გამოყენებისთვის მზად 5 ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა; პლასტმასის ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც დამზადებულია დიდ ბრიტანეთში, საერთო მასით, დაახლოებით, ექვსი კილოგრამი”.
ასევე FSB-მ ამოიღო სამხედრო დანიშნულების ელექტროდეტონატორები; რადიოკონტროლირებადი მექანიზმები, რომლებიც ასაფეთქებელი მოწყობილობების გასააქტიურებლად გამოიყენება; სათვალთვალო და საკომუნიკაციო აღჭურვილობის ტრეკერები.