საფრანგეთში, საპროტესტო აქციებზე შეტაკებების შედეგად, 108 პოლიციელი დაშავდა – დაკავებულია 300-მდე პირი

საფრანგეთში, სადავო საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება.

პირველ მაისთან დაკავშირებით საფრანგეთის ქალაქების ქუჩებში ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა, რომლებიც საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადადგომას მოითხოვენ.

საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკებებისას, სულ მცირე, 108 სამართალდამცველი დაშავდა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ჟერალდ დარმანინის განცხადებით, არეულობის დროს პოლიციამ 291 ადამიანი დააკავა.

რადიკალურმა ჯგუფებმა საპროტესტო აქციაზე პიროტექნიკა და „მოლოტოვის კოქტეილები“ ისროლეს, რის შემდეგაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

მედიის ცნობით, არეულობისას რამდენიმე დემონსტრანტი დაშავდა, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.

პარიზის გარდა, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები იყო ლიონში, ნანტში, მარსელში, ტულუზასა და რენში.

შეგახსენებთ, რომ 17 მარტს, საფრანგეთის მთავრობამ სადავო საპენსიო რეფორმის კანონი პარლამენტში კენჭისყრის გარეშე მიიღო. ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის კონსტიტუციაში გაწერილი სპეციალური უფლებამოსილებით ისარგებლა, რომლითაც მას შეუძლია პრემიერ-მინისტრს სთხოვოს, კანონი კენჭისყრის გარეშე მიიღოს.

ახალი საპენსიო რეფორმის მიხედვით, საფრანგეთში საპენსიო ასაკი 62-იდან 64 წლამდე გაიზრდება.

 

ვიდეო: Independent reporter – Jules Ravel

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები