სამხედრო მოსამსახურეები სკოლებში თავდაცვის ძალების შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებენ
საქართველოს თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება, – ამის შესახებ აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამინისტროს განცხადებით, საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებისა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავების მიზნით, სამხედრო მოსამსახურეები მიმდინარე სასწავლო წელს საქართველოს მასშტაბით 700-მდე სკოლას ესტუმრნენ.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის წარმომადგენლები თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლაში მაღალი კლასების მოსწავლეებს შეხვდნენ. ჯარისკაცებმა მათ თავდაცვის ძალების ისტორიის, ამოცანის, შემადგენლობის, ღირებულებების, საქართველოს ეროვნული გმირების შესახებ მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს და მოსწავლეების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.
შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. მოზარდები და ახალგაზრდები განსაკუთრებით თავდაცვის ძალებში მოხვედრისა და სამსახურის ფორმებით, სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობებითა და მასთან დაკავშირებული ბენეფიტებით, ეროვნული სამხედრო მრეწველობით, ნატოსა და საერთაშორისო პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხებითა და ამ მიმართულებით არსებული სიახლეებით დაინტერესდნენ. მათი კითხვები შეეხებოდა, ასევე, ჯარისკაცის დღის წესრიგს, ქვედანაყოფებში არსებულ ინფრასტრუქტურასა და პირობებს, კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს, სამოქალაქო და სამხედრო ცხოვრების ურთიერთშეთავსებასა და ზოგადად, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობას.