თავდაცვის ძალების მეთაური დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებს ესტუმრა
თავდაცვის ძალების მეთაურმა დასავლეთ საქართველოში არსებული ქვედანაყოფები მოინახულა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ადგილზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს მეთაურის მოადგილესთან, გენერალური შტაბის უფროს გენერალ-მაიორ ჯონი ტატუნაშვილთან და თავდაცვის ძალების მთავარ სერჟანტთან, გიორგი გოგოჭურთან ერთად გაეცნო.
“თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა რამდენიმე ლოკაცია მოინახულეს, მათ შორის: სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადა, კოპიტნარის საავიაციო ბაზა, ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადა, ქუთაისის მე-3 ქვეითი ბრიგადა და ბათუმის ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადა.
დასავლეთში ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი სარდლობაში მიმდინარე რამდენიმე სწავლების მიმდინარეობასაც გაეცნო და სორტას პოლიგონზე რეზერვისტებს გაესაუბრა”, – ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.