სოხუმში ჟურნალისტის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს
სოხუმში, ადგილობრივი გამოცემის “ნუჟნაია გაზეტას” რედაქტორის იზიდა ჭანიას ავტომობილი დაცხრილეს. მანქანა აკადემიკოს სახაროვის ქუჩაზე, რედაქციასთან იყო გაჩერებული, როდესაც საღამოს 06:00 საათზე მას ცეცხლი გაუხსნეს.
აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტომობილს 15 ტყვია აქვს მოხვედრილი.
ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოხუმში ყველა შესასვლელი და გასასვლელი გზა გადაკეტა. თავდამსხმელზე ძებნაა გამოცხადებული.
ვრცელდება მომხდარის ვიდეოკადრებიც, სადაც ჩანს, რომ შემთხვევის ადგილს თეთრი ფერის “ჯიპი” ტოვებს.
ვიდეო ავტომობილში დამონტაჟებულმა რეგისტრატორმა გადაიღო.