ჯუანშერ ბურჭულაძე: სტუდენტებს შეეხებათ მხოლოდ ნებაყოფლობითი სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თავდაცვის კოდექსით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება სტუდენტების გაწვევის საკითხზე გაამახვილა.
მისი განცხადებით, კონკრეტული ჯგუფები სტუდენტების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ და მათი ინტერესია, სხვანაირად დაანახონ სტუდენტებს ამ რეფორმის შინაარსი. თავდაცვის მინისტრმა განმარტა, თუ რა პირობებში მოუწევთ 2025 წლიდან სტუდენტებს სამხედრო სამსახურის გავლა.
„მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ სტუდენტებს შეეხებათ მხოლოდ ნებაყოფლობითი სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდა. იქნება რამდენიმე, სხვადასხვა მაქსიმალურად კომფორტული საშუალება. ვფიქრობ, ჩვენ ასევე გვექნება საშუალება, რომ უმაღლეს განათლებულსაც მივცეთ იმის საშუალება, რომ ზუსტად ამ პროგრამით, რასაც ჩვენ ვთავაზობთ სტუდენტებს, წელიწადში ერთი თვის განმავლობაში, გაიარონ სავალდებულო სამსახური“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მინისტრმა იმ ბენეფიტებზეც ისაუბრა, რასაც ახალი პროგრამები ითვალისწინებს: „გვაქვს ბენეფიტებზე აწყობილი პროგრამებიც, მათ შორის, რომელიც შეეხებათ 11-თვიან სავალდებულო სამსახურს, სადაც იქნება მაღალი ანაზღაურება – 1200 ლარი სავარაუდოდ. ასევე, წვევამდელი მიიღებს ოფიცრის სტატუსს და ა.შ. ამ კანონპროექტზე დიდმა ჯგუფმა იმუშავა, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვინაიდან არის მოცულობითი, ეხება საზოგადოების დიდ ჯგუფს და შესაბამისად, შედის საზოგადოების ინტერესშიც, ჩვენ მაქსიმალურად დავხვეწეთ კანონპროექტი და შევქმენით მეტი კომფორტი“.
მინისტრის განცხადებით, თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებების მიზანია, საქართველოს ჰყავდეს ძლიერი მომზადებული რეზერვი. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ახალი პროგრამა არანაირ დისკომფორტს არ შეუქმნის არც სტუდენტებს და არც მოსახლეობას.
„სტუდენტების შემთხვევაში ის პროგრამა, რაც შეიძლება მათ გაიარონ 4 წლის განმავლობაში, ზაფხულში ერთი თვე იქნება მომზადება. ჩვენ იმის საშუალებასაც მივცემთ, რომ ვთქვათ, თუ არის სტუდენტი 25 წლის და 27 წლის მერე სავალდებულო აღარ უწევს, შეიძლება, რომ აირჩიოს და ეს 27 წელი არ იყოს ჩამკეტი და შემდეგაც გაიაროს. ასევე, საჯარო დაწესებულებაში პირის მუშაობის შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ ჩვენ კანონმდებლობაში შეგვაქვს ცვლილება და საჯარო სამსახურში შენარჩუნდება როგორც მისი პოზიცია, ასევე, არსებული ანაზღაურება. ჩვენ მათაც მივცემთ იმის საშუალებას, რომ ასეთი პროგრამა აირჩიონ და შვებულებით სარგებლობის დროს გაიარონ სავალდებულო სამსახური წელიწადში ერთი თვე“, – განაცხადა მინისტრმა.