ანრი ოხანაშვილი: დრო გვაქვს, ყველა კომიტეტმა შეაფასოს “ხალხის ძალის“ კანონპროექტი – არცერთ დემოკრატიულ წესში არ წერია, აკრიტიკებდე და არ იცოდე, რას აკრიტიკებ
“არცერთ დემოკრატიულ წესში არ წერია, აკრიტიკებდე და არ იცოდე, რას აკრიტიკებ”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს.
ოხანაშვილის თქმით, ყველა კომიტეტს აქვს დრო იმისთვის, რომ კანონპროექტი შეაფასოს.
„სრული აბსურდია და წარმოუდგენელი მოცემულობა, როცა ხალხს კანონპროექტი ნანახი არ ჰქონდა და დემოკრატიის სახელით ამბობდნენ, რომ ვიღაცას რაღაც ეზღუდება მაშინ, როცა საუბარი იყო ინიციატივაზე, კანონპროექტზე, რომელიც მრავალ შემოწმებას, კონსტიტუციურ სამართლებრივ ტესტს გაივლის, რა მიზანს ემსახურება და რით არის გამართლებული. დრო გვაქვს იმისთვის, რომ ყველა პროფილურმა კომიტეტმა ეს კანონპროექტი შეაფასოს და ვიმსჯელოთ, რა კუთხით საჭიროებს პროექტი დამუშავებას და საერთო დასკვნამდე მივიდეთ, ქვეყანას რა ტიპის ცვლილებები სჭირდება. არცერთ დემოკრატიულ წესში არ წერია, აკრიტიკებდე და არ იცოდე, რას აკრიტიკებ. ეს შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მიზანმიმართული მცდელობაა პროცესის დაზიანების. გაცხადებული გვაქვს, რომ ამ საკითხზე გუნდში ვიმსჯელებთ და ყველა მხარეს საშუალებას მივცემთ, მოსაზრებები გაგვიზიარონ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.