ბებიის მკვლელობის შეკვეთაში ბრალდებულის ადვოკატი: საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, დანაშაულის აღიარებასთან დაკავშირებით პასუხს ვერ გაგცემთ

ბებიის მკვლელობის შეკვეთაში ბრალდებულის ადვოკატის, არჩილ ბერიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ 26 წლის ახალგაზრდას აღმკვეთი ღონისძიება უკვე შეუფარდეს და მას გამოძიება ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მომზადებას ედავება.

ადვოკატი საქმის დეტალებზე არ საუბრობს. არჩილ ბერიძეს არც ის დაუკონკრეტებია, აღიარებს თუ არა ბრალდებული დანაშაულს.

“გიდასტურებთ, რომ აღნიშნული ბრალდება წარდგენილი აქვს. დანაშაულის აღიარებასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში, მე ვერ გაგცემთ პასუხს, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე”, – განაცხადა ადვოკატმა “კურიერთან” საუბრისას.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ანგარების მოტივით, შეკვეთით მკვლელობის მიზნით, შესაბამისი პირი მოიძია, რომელსაც 150 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ საკუთარი ბებიის მკვლელობა დაუკვეთა. ბრალდებულმა პოტენციურ მკვლელს მიაწოდა მსხვერპლის ვინაობა, ასაკი და ბებიის საცხოვრებელ მისამართზე მიიყვანა, რის შემდეგაც მას შეპირებული თანხის ნაწილი და მსხვერპლის ფოტოსურათი გადასცა. დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის ,,კ“ და ,,ნ“ ქვეპუნქტებით წარედგინა (ოჯახის წევრის მიმართ, ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადება), რაც სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები