სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან მისგან გათავისუფლების საქმე გრძელდება – სასამართლოს ჩვენებას ბრიტანელი ექსპერტი აძლევს
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი იმართება. დღევანდელ სხდომაზე ბრიტანელი ექსპერტი, ფსიქიატრი, კორნელიუს კატონა იკითხება. მან მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის ნოემბერში გასინჯა.
კატონა ამბობს, რომ ანტიფსიქოზურ მედიკამენტებს შეეძლოთ ხელი შეუწყოთ პაციენტის კოგნიტიური სირთულეების განვითარებისთვის.
“გასინჯვის შედეგად აღმოვაჩინე, რომ მას აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, ასევე, კოგნიტიური დარღვევები, რისი შედეგიც იყო დაუზუსტებელი დემენცია”, – თქვა კატონამ.
კორნელიუს კატონა დასკვნაში წერს, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს ნეირო-კოგნიტიური აშლილობა. ადვოკატებმა მას კითხეს, რა შეიძლება ყოფილიყო ამის გამომწვევი მიზეზი, რაზეც ექსპერტმა უპასუხა, რომ პირველი მიზეზი შესაძლოა მისი შიმშილობა ყოფილიყო.
“მე განვსაზღვრე რამდენიმე შესაძლო მიზეზი, რომელსაც შეიძლება მივეყვანეთ ნეირო ან ნეირო-კოგნიტურ აშლილობამდე. პირველი მიზეზი შეიძლება იყოს მისი შიმშილობა და სწრაფი “რეფიდინგი”, ნაწილობრივი ასფიქსია, ეპილეფსიური გულყრები, აუხსნელი ცხელება, ასევე, მისი დაყოვნებული მკურნალობა ვერნიკეს ენცეპალოფათიის გამო, ასევე, მრავლობითი მედიკამენტები, რომლებსაც ის იღებდა და ასევე მისი თმის ტოქსიკოლოგიური შესწავლის დროს აღმოჩენილი ნივთიერებები – მძიმე მეტალები”, – აღნიშნა ექსპერტმა.