სამტრედიაში საცურაო აუზის და ფეხბურთის მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი ინიციატივითა და დაფინანსებით, სამტრედიაში მასშტაბური პროექტი ხორციელდება.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ეროსი მანჯგალაძის სახელობის ცენტრალური სტადიონის მიმდებარედ, სათადარიგო მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, დაგეგმილია ხელოვნური საფარის დაგება, ტრიბუნების განთავსება და განათების მოწყობა.
„პროექტის განხორციელების შემდეგ სავარჯიშო-საშეჯიბრო პირობები შეიქმნება ასაკობრივი ჯგუფებისთვის, რომლებიც სხვადასხვა რესპუბლიკურ ჩემპიონატებზე წარმატებებით ასპარეზობენ.
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) პროექტის ფარგლებში, დაიწყო საცურაო აუზის რეაბილიტაცია.
დღეს მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ დეპუტატთან, გივი ჭიჭინაძესთან და ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ამირან თევდორაძესთან ერთად მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და არსებულ მდგომარეობას გაეცნო“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.