თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული ყველა პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ პროცესზე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის ძალაში დატოვების მიზანშეწონილობა განიხილა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვა. სხვა ბრალდებულთა ადვოკატებმა კი, გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენეს.
რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურატურამ სასამართლოს პატიმრობის ძალაში დატოვების შუამდგომლობით მიმართა.
მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და შედეგად, ცხრავე ბრალდებულს პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივდა.
შეგახსენებთ, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან კომპანია “გრინსერვის პლუსის” ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.
გასული წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკის ახლად რეაბილიტირებულ შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. მათგან ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.