ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე აღკვეთი ღონისძიების, პატიმრობის ძალაში დატოვების მიზანშეწონილობა განიხილება. საქმის პროკურორმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ ბრალდებულების მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება ძალაში დარჩეს.
სხდომას ბრალდებულებიც ესწრებიან.
როგორც სხდომის დაწყებამდე ერთ-ერთი ბრალდებულის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე აპირებს, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით, რომ ლაშა ფურცხვანიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს.
„დღევანდელ პროცესზე სასამართლო გამიხილავს აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების მიზანშეწონილობას. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე ვიშუამდგომლებთ რომ აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს ბრალდებულ ფურცხვანიძის მიმართ, ვინაიდან ფაქტია, რომ უკვე მეორე დამატებითი ვადის განმავლობაშიც კი, ბრალდების მხარემ ვერ შეძლო მტკიცებულებების მოგროვება, რაც საკმარისი იქნებოდა საქმის სასამართლოში გასაგზავნად. მან კიდევ ახალი დამატებითი დრო აიღო. დაუშვებელია, რომ ბრალდების მხარემ ყოველ დამატებით ახალ დროსთან დაკავშირებით მიღებული და გაგრძელებული ვადების შემთხვევაში დაპატიმრება იყოს შენარჩუნებული. სასამართლოს პრეცედენტული სამართალი და გარანტირებული უფლება მოიცავს იმას, რომ ყოველი ახალი დამატებითი ვადისთვის დამატებითი არგუმენტაცია იყოს დაპატიმრების სასარგებლოდ. ჩვენ შემთხვევაში კი, პირიქით, ასეთი არანაირი საფუძველი არ არსებობს და ყველა შესაძლებლობა აქვს სასამართლოს იმისთვის, რომ გააუქმოს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება თუ, რა თქმა უნდა, სამართლებრივად იქნება საკითხი განხილული”, – განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.
შეგახსენებთ, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან კომპანია “გრინსერვის პლუსის” ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.
გასული წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკის ახლად რეაბილიტირებულ შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. მათგან ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.