„მიხეილ სააკაშვილს აქვს გარკვეულ პიროვნებაზე ეჭვი, თუ ვის შეიძლება მოეწამლა ის“ – შალვა ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილს აქვს გარკვეულ პიროვნებაზე ეჭვი, თუ ვის შეიძლება მოეწამლა ის – ეს გამოჩნდება, თან მალე, – ამის შესახებ მსჯავრდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „სააკაშვილის სიაში“ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება მისი დაკავებიდან 2022 წლის 14 დეკემბრამდე არსებული კადრები იქნება, რომელიც დაცვის მხარემ პენიტენციური დაწესებულებისგან უკვე გამოითხოვა.

„იყო რაღაც დეტალები. ჩვენ ასევე გამოთხოვილი გვაქვს კადრები სააკაშვილის დაკავებიდან 2022 წლის 14 დეკემბრამდე – საუბარია ყველა კადრზე დერეფანში, ბადრაგების გადაადგილება, სააკაშვილის საკანში ყოფნის კადრები და ა.შ. ეს ძალიან დიდი მასალა იქნება, შრომატევადი საქმე იქნება, თუმცა ველოდებით ამ კადრებს. ეს კადრებიც ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იქნება ამ „სააკაშვილის სიაში“, თუ, რა თქმა უნდა, ამერიკელები ამას მოითხოვენ. ნივთიერებები, რომლებიც მას აღმოაჩნდა, ციხეში მყოფ ადამიანს არ უნდა აღმოაჩნდეს.

10 მაისს გაიცა ცნობა რუსთავის მე-12 დაწესებულების ექიმის მიერ, რომ სააკაშვილი არის ჯანმრთელად და შესაძლებელია მან მიიღოს მონაწილეობა სასამართლო პროცესზე. 11 მაისს უკვე იწერება ცნობა ექიმის მიერ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა. ასევე არის ერთი ჩანაწერი, რომელიც გამქრალია – დეპარტამენტში ღამით ხდება გადარეკვა და ეს ჩანაწერი აღარ არსებობს, თუმცა ფაქტია, რომ ზარი არის განხორციელებული მე-12 დაწესებულებიდან ღამით. ამის შემდეგ სააკაშვილი დაჩქარებული წესით გადაჰყავთ „ვივამედში“. კლინიკაში ექიმს გაკეთებული აქვს ჩანაწერი, რომ მან დაკარგა გონება წინა დღით, 20 წუთი იყო უგონოდ და საჭიროებს გადაუდებელ ღონისძიებებს. შემდეგ 25 მაისს კარგავს გონებას, სადაც ასევე ექიმი მიდის და ეჭვი მიაქვს ინტოქსიკაციაზე – ქალბატონ თამარ აბაშიძეზეა საუბარი და ის უკვე ლათინური ასოებით მიუთითებდა, რომ შემოწმება უნდა მოხდეს ვერცხლისწყალზე, ბარიუმზე და ა.შ. ეს უნდა მომხდარიყო მინიმუმ 3 დღეში, თუმცა ეს გაკეთდა 8-9 დღის დაგვიანებით. სისხლთან ერთად, არ გაკეთდა შარდის, ფრჩხილების და თმის ანალიზები. ამ დროს უკვე ამოვიდა მცირე რაოდენობით დარიშხანი და სხვა ნივთიერებები“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები