თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის მკვლელობისთვის დაკავებულ პირს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების, იძულების, მუქარის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 იანვარს, ქ. თბილისში, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა გ.მ.-მ, ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან იმავე ბინაში მყოფ ა.შ.-ს ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა, ხოლო დ.ლ.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების საშუალება არ მისცა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთ-ერთ დაზარალებულს ა.შ.-ს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

გ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება), 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები